გილოცავთ!

მეფე დავით აღმაშენებლი (ბაგრატიონი)გიორგი მეორის ძე, ბაგრატოვანთა დინასტიის ბრწყინვალე შთამომავალი - დავით მეოთხე, ისტორიაში დამკვიდრდა ხალხის მიერ შერქმეული უბრწყინვალესი სახელით - "აღმაშენებელი" და ტიტულატურით - "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშაჰ და შაჰინშაჰ და ყოვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით მპყრობელთა". მისი სახელი ჰქვია ქართულ ხმალს - "დავითფერული" და ქართულ დროშას - "დავითიანი". დავით აღმაშენებელს ეკუთვნის მშვენიერი პოეტური ქმნილება - "გალობანი სინანულისანი".
16 წლის დავითს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები, სოფლებსა და მთებში გახიზნული, დამშეული მოსახლეობა... დავითმა გამეფებისთანავე დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლისთვის საუკეთესო პირობებს უქმნიდა.
დავით IV აღმაშენებელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი გახლავთ. გაიმარჯვა რა დიდგორის ბრძოლაში, თურქ-სელჩუკები ქვეყნიდან განდევნა. არმიასა და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა მეფეს შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოსთვის დაექვემდებარებინა...
დიდი გელათის აკადემიის დამაარსებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი მეფე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
დღეს დავითობაა... დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ზეიმობს...
ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ დავითობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
მუდამ ერთად და სიამაყით გვეთქვას ჩვენი ქედუხრელი, ზვიადი მეფისთვის:

"აღმაშენებელო,
თბილისს შემობრძანდი,
თეთრი გიორგის მადლით!
მუმლი მუხასაო!
მუმლი მუხასაო!
მუმლი მუხასო!
დავით!"

დიასპორის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი