ქართული დიასპორა

ქართულ დიასპორათა განსახლება რუსეთის ფედერაციაში

ქართველები რუსეთში: მიგრაცია და დიასპორა

იმის გამო, რომ ბოლო ორასი წლის განმავლობაში გამორიცხული იყო რუსეთის იმპერიის საზღვრებს გარეთ რაიმენაირი ურთიერთობა, ქართული საზოგადოებრიობისათვის ჩვეული გახდა სწორედ ჩრდილოეთით გადაადგილება. საბჭოთა პერიოდის ბოლო დროისათვის მოსკოვში, საითკენაც ყველა სხვა ერები მიისწრაფოდნენ, სადაც ძლიერ ვუყვარდით 50-იან წლებამდე ("მოი გრუზინჩიკ") და სადაც ჩვენი შურდათ 60-80-იან წლებში ("გრუზინ სპეკულიანტ", "კაპიტალისტ"), მხოლოდ 39 ათასი ქართველი ცხოვრობდა (მართლაც მცირეა, თუ გავითვალისწინებთ მჭიდრო ურთიერთობებსა და რუსეთში მიგრაციის 300-400 წელს).
სწორედ ბოლო ორასი წლის განმავლობაში მიღებული ჩვევის გამო და იმის გამო, რომ ჩრდილოეთის მიმართულება ყველაზე იოლი ასარჩევი იყო საზღვრის გადაკვეთის თვალსაზრისით, 1991 წლის შემდეგ, როცა დასრულდა საბჭოთა კავშირი, ქართველ მიგრანტთა ტალღამ რუსეთს მიაშურა. აუცილებელია აღვნიშნოთ - ამის მიზეზი იყო არა ნოსტალგია საბჭოურის მიმართ, არამედ პირიქით, 1992 წელს საქართველოში დაბრუნებული საბჭოური ნომენკლატურისაგან თავის გარიდება.

დავიწყოთ იმით, რომ ბოლო საბჭოური აღწერის მიხედვით 1989 წლისათვის მოსკოვში 39 ათასი ქართველი იყო. მათგან ის, რომ ისინი დიასპორა იყვნენ, მცირეს თუ ჰქონდა გაცნობიერებული. ძირითადი ნაწილი ერთიან საბჭოთა კულტურულ ფერხულში იყო ჩაბმული. საჭირო იყო მომხდარიყო 1991 წლის 9 აპრილი, რომ თვალი აგვხელოდა და 1992 წლის ნომენკლატურული რევანში თავისი შედეგებით, რომ საქართველოდან ქართველთა ახალ მრავარლირცხოვან ტალღას ახალი საზოგადოებრივი პრიორიტეტები ჩაეტანა მოსკოვშიც და სხვაგანაც.

1989 წლიდან ქართველთა რაოდენობა მოსკოვში 2-ჯერ და მეტად გაიზარდა; ე.ი., 1995 წლისათვის დაახლოებით 100 ათასი შეადგინა. საქართველოდან მოსკოვში მიგრაცია ნაკლები იყო პერესტროიკისა და დამოუკიდებლობის აღდგენის წლებში (1984-1989, 1990-1991 წწ.), ხოლო 1993-1995 წლებში ემიგრაციამ უპრეცედენტოდ მოიმატა. მისი ტემპი დაეცა 2003 წლისათვის, მაგრამ მაინც მაღალი იყო - საშუალოდ წელიწადში 5%-მდე. 1992-1995 წლებში კი მიგრაციის მატების ტემპი 15% იყო წელიწადში. 2004 წელს ჩვენი მონაცემებით მოსკოვში ქართველთა მექანიკურმა ნამატმა 5%, ხოლო 2005-2006 წლებში 2% შეადგინა. ქართველთა მიგრაციული ქცევის ასეთ რადიკალურ ცვლილებებს დროის მცირე მონაკვეთზე თავისი მიზეზები ჰქონდა და ისინი ძირითადად პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათისა იყო.
მოსკოვის ქართველთა რაოდენობა 2005 წლისათვის დაახლოებით 300 ათასს შედგენდა, ხოლო რუსეთისა - 800-900 ათასს.

ქართული დიასპორის ორგანიზაციები/საინფორმაციო რესურსები

1 ქ. მოსკოვის ქართული სათვისტომო; www.mgz.ru
2 ქ. სანქტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო;
3 ქ. ვორონეჟის ქართული კულტურულ-სულიერი საკრებულო; "ბაგრატიონი"; თავმჯდომარე - ჭიჭიკო ხაჭაპურიძე;
4 სარატოვის ოლქის ქართული საკრებულო „ივერია"; თავმჯდომარე - თამაზ ბეჭვაია;
5 ქ. სოჭის ქართული საზოგადოება „ივერია";
6 ქ. მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების ბაზაზე შექმნილი, მედიკოსთა ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გორდა"; თავმჯდომარე - კონსტანტინე ქობალაძე;
7 აფხაზ დევნილთა რუსულენოვანი საიტი: www.abkhazeti.ru
8 მრავალთემატიკური რუსულენოვანი საიტები: www.nukri.rg www.georgians.ru
9 "ქართული დიასპორის სამოქალაქო jგუფის საზოგადოებრივი; ლაბორატორია"; თავმჯდომარე - ბადრი ქუთელია; www.civiclab.narod.ru
10 მოსკოვის ახალგაზრდული მოძრაობა "ლაზარე"; თავმჯდომარე - ჯონი კვარაცხელია; www.lazare.ru
11 ქართველთა კავშირი რუსეთში; www.georgians.ru
12 როსტოვის ქართული სათვიტომო ; რაჟდენ ჭიხორია - სათვისტომოს წევრი;
13 სანქტ-პეტერბურგის ქართული სკოლის დირექტორი (800 ბავშვი) ბასარია თამაზი;
14 ნოვოსიბირსკის სათვისტომო; თავმჯდომარე - საათაშვილი იოსებ;

15 ქ. გორკი (ნიჟნი ნოვგოროდი), ასოციაცია "გოგიელი"; თავმჯდომარე - ზურაბ ქარდავა;
16 მოსკოვი, " ქართველთა კავშირი რუსეთში"; თავმჯდომარე - მიხეილ ხუბუტია, www.georgians.ru
17 მოსკოვი, საზოგადოება "აფხაზეთი"; თავმჯდომარე - დავით ჯაფარიძე
www.abkhazeti.ru
18 დიასპორასთან თანამშრომლობის ფონდი "კრედო", მოსკოვი; თავმჯდომარე - ბესარიონ ხვინტელიანი;
19 ქართველი სტუდენტების სათვისტომო "რუდნი", მოსკოვი;
(რუსეთი ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი) თავმჯდომარე - ნათია წიფიანი;
20 სამედიცინო საზოგადოება "გორდა", მოსკოვი; თავმჯდომარე - კონსტანტინე კობალაძე;
21 ქართული კლუბი "მგიმო", მოსკოვი,; თავმჯდომარე - ირაკლი მეზურნიშვილი;
22 რუსულ-ქართული მეგობრობის საზოგადოება "ძალისა"; მოსკოვი თავმჯდომარე - თამაზ ჯანდიერი;
23 ქ. სანქტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო; თავმჯდომარე - ბადრი კაკაბაძე;
24 პეტროზავოდსკის ქართული საზოგადოება; თავმჯდომარე - რევაზ ჩიხირია;
25 ქ. დუბნა; თავმჯდომარე - დავით მეტონიძე;
26 ქ. კავროვი (ვლადიმირის ოლქი); თავმჯდომარე - გაიოზ მეტრეველი;
27 საზოგადოება ქართველები რუსეთში ტოლიატის განყოფილება თავმჯდომარე - წკრიალაშვილი ნოდარი;
28 ქართული სათვისტომო, ქ. ტულა,; თავმჯდომარე - ბადრი ბორჩხაძე;
29 ქ. როსტოვი (დონზე), ქართული სათვისტომო "ვარძია"; თავმჯდომარე - მერაბ თევზაძე;
30 ქ. კემეროვო, ქართული სათვისტომო "ივერია"; თავმჯდომარე - დავით კეტელაშვილი; დავით ჩაჩიბაია;
31 ქ. ჩელიაბინსკი; თავმჯდომარე - ვლადიმერ პერტია;
32 ქ. სუზდალი (ვლადიმირის ოლქი), ლტოლვილებისა და განსახლებულთა ქართული საზოგადოება; თავმჯდომარე - ვალერი ქობალია;
33 ქ. მურმანსკი, ქართული კულტურული საზოგადოება "საქართველო"; თავმჯდომარე - მაია გრიგოლია;
34 ქ. ობნინსკი (კალუგის ოლქი), რუსულ-ქართული ურთიერთგაგების საზოგადოება "იბერიონი"; თავმჯდომარე - იროდი ზოიძე;

პერსონალია

საქართველო - რუსეთის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ურთიერთობის დასაწყისად XV საუკუნის II ნახევარი შეიძლება ჩაითვალოს. პირველი ცნობები ამ ურთიერთობების შესახებ თარიღდება 1491 წლით, როდესაც მოსკოვის დიდმა თავადმა ივანე მესამემ კახეთის მეფე - ალექსანდრე I მიიღო.
1587-1589 წლებში გაფორმდა პირველი ქართულ-რუსული ხელშეკრულება, რომელსაც „ფიცის წიგნი" („წიგნი ჯვრისმთხვევისა") ეწოდა. ხელშეკრულება დაიდო მოსკოვის დიდი თავადის თევდორე ივანეს ძესა და კახეთის მაფის - ალექსანდრე პირველს შორის. ამ ხელშეკრულებით რუსეთის მეფე კახეთის სამეფოს თავის მფარველობას აღუთქვამდა და გარეშე მტრებისაგან დაცვის ვალდებულებას იღებდა.
1639 წლის 23 აპრილს მეფე თეიმურაზ პირველმა „ფიცის წიგნი" განაახლა - კახეთის მეფის ხელშეკრულება რუსეთთან. ასევე მოიქცა 1651 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე III.

ქართულ-რუსული ურთიერთობების გასამყარებლად, არქიმანდრიტ პახუმის სურვილის თანახმად, ათონის ივერთა მონასტრიდან, რომელიც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, ერთმორწმუნე რუსეთში ჩამოაბრძანეს ივერიის ღვთსიმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი. ეს ხატი იფარავდა და იცავდა მეფე ალქსანდრე მიხეილის ძის ლაშქარს ომებში. პატრიარქმა ნიკონმა და ალექსანდრე მიხეილის ძემ ამ სასწაულთმოქმედი ხატისთვის სპეციალურად ეკლესია ააშენეს. თავიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატი ნიკოლსკის მონასტერში დაასვენეს, რომელიც ქართველებს ეკუთვნოდა, შემდეგ გადაიტანეს კრემლის მიძინების ტაძარში. ამჟამად ხატი „ნოვოდევიჩის"სოფიის დარბაზში ასვენია.
ივერიის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხატის კიდევ ერთი ასლის სათაყვანებლად, რომელიც სპარსელმა დამყრობლებმა გაიტაცეს, „კრასნოგორსკის" მონასტერში ეკლესია ააშენეს. მოსკოვში შავი ჭირის მძვინვარების დროს ალექსეი მიხეილის ძემ ხატი იქ გადაასვენა, წმინდა სამების ეკლესიაში. შემდეგში ეს ეკლესია ღვთისმშობლის ქართულ ეკლესიად იწოდებოდა (დღეს აქ სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფილიალია განთავსებული). აქედან მოყოლებული, მეფისა და ნიკონის ბრძანებით, მოსკოვში 250 წლის განმავლობაში ამ ხატის დღეს 22 აგვისტოს აღნიშნავდნენ.

მოსკოვის ნიკოლსკის მონასტერი პირველი კულტურული და პოლიტიკური ქართველი საზოგადო მოღვაწეების ცენტრია, რომელიც შემდგომში პანთეონად გადაკეთდა. აქ დაკრძალული იყო ქართული კოლონიის უფროსი თაობის წარმომადგენლები - დაწყებული ეპიფანიადან და მეფე ქაიხოსროს მეუღლის - დედოფალ ეკატერინედან, რომელთა სასაფლაოს ქვები დონის მონასტერში გადაიტანეს.
1653 წელს მოსკოვში ჩამოვიდა უფლისწული ერეკლე I (ნაზარალიხანი) დედასთან, ელენესთან რთად, ხოლო ოთხი წლის შემდეგ მისი პაპა - თეიმურაზ პირველი. ეს იყო ქართველი მეფის პირველი ვიზიტი რუსეთში. ერეკლე I მეფე ალექსანდრე მიხეილის ძის უახლოესი პიროვნება გახდა. რუსეთის მეფის მეორე ქორწინებისას ის საქორწინო ცერემონიალს ხელმძღვანელობდა და „სიძის საპატიო მამა" იყო.

1684 წელს მოსკოვში ჩამოვიდნენ მეფე არჩილის შვილები - უფლისწულები ალექსანდრე და მამუკა, ხოლო მალე თავად არჩილიც ჩამობრძანდა. პეტრე პირველმა მეფე არჩილს „ვსესვიატსკოე", პახრა, ლისკოვო, ბელგოროდი და სხვა ადგილები უბოძა. სასახლის სამამულოდან სამი „საგლეხო", ხოლო სამუდამო მფლობელობაში გოლიცინის სასახლე გადასცა, რომელიც არჩილმა თავის რეზიდენციად აქცია (ამჟამად აქ რუსეთის გოსდუმის შენობა დგას).

პეტრე პირველმა უფლისწულ ალექსანდრე ბაგრატიონს რუსეთის საზარბაზნო საქმის, ფსკოვისა და ნოვგოროდის არტილერიის ხელმძღვანელობა ჩააბარა, მისთვის სპეციალურად შემოიტანა სამხედრო წოდება „გენერალ-ფელხცჰოისმაისტერსისა", გადასცა მოსკოვის მილოსლავსკების მამული. ალექსანდრე არჩილის ძემ მონაწილეობა მიიღო ოლონეცკისა და ურალის ქარხნების დაგეგმვაში და ახალი ტიპის იარაღის ჩამოსხმა დაიწყო.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ალექსანდრე ბატონიშვილმა დაიწყო პირველად მხატვრული ნაწარმოებების თარგმნა რუსულიდან ქართულად. 1703 წელს მეფე არჩილის ინიციატივით მოსკოვში გაიხსნა პირველი ქართული სტამბა. ასევე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ქართულ-რუსული ეკლესიებიც. პატრიარქი იოაკიმი და კათალიკოსი ნიკოლოზი ხშირად უგზავნიდნენ ერთმანეთს ეპისტოლეებს.
1705 წელს მეფეს დონის მონასტერიც გადაეცა. დონის მონასტერი მნიშვნელოვანი ქართული რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი გახდა რუსეთში. დონის მონასტრის წინამძღვრად ქართველი არქიმანდრიტი ლავრენტი აირჩიეს. მეფემ და ლავრენტიმ დაამთავრეს დიდი სალოცავისა და ტიხვინის მონასტრის მშენებლობა, რომელსაც ზღუდე შემოავლეს მრგვალი კოშკებით და პირველხარისხოვან თავდაცვით ნაგებობად აქციეს. მოგვიანებით არჩილმა საკურთხევლის ქვეშ აკლდამა გათხარა, სადაც ალექსანდრე უფლისწული დაკრძალა.

თვით საქართველოშიც კი ძნელად მოიძებნება ისეთი ადგილი, სადაც იმდენი ცნობილი ისტორიული პიროვნება იქნებოდა დაკრძალული, როგორც ეს დონის მონასტერშია. აქ დაახლებით 160-მდე ქართველი პატრიოტია დაკრძალული. მეფე არჩილი და მისი ოჯახი, ვახტანგ VI შვილი ბაქარი, ბოლო შტო ვახტანგ მეექვსის სამეფო შტოსი - გრაფი ალექსდანდრე ტოლსტოი და მისი მეუღლე - გრაფინია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი.
მეფე არჩილის გარდაცვალების შემდეგ ქართული დიასპორის ხელმძღვანელობა მისმა ქალიშვმა - დარეჯანმა იკისრა. ის იყო ვახტანგ VI წარმომადგენელი რუსეთის მეფის კარზე, ე. წ. „სრულუფლებიანი მინისტრი". დედოფალმა დარეჯანმა თავისი სახსრებით ვსესვიატსკოეს მიწაზე ხის ეკლესიის ნაცვლად ქვის ტაძარი ააგო, რომელიც ქართველმა ოსტატებმა მოხატეს. წარწერები და ნახატები ნაწილობრივ იქნა შენარჩუნებული. ვსესვიატსკოეს მამულში კიდევ ერთი პანთეონი დააარსეს, სადაც სულხან-საბა ორბელიანის ნეშტი უნდა განისვენებდეს. დარეჯანის გარდაცვალების შემდეგ ვსესვიატსკოე (ეს ტერიტორია დღეს მეტრო „სოკოლის" ახლოსაა) მის უახლოეს ნათესავებს გადაეცათ - მეფე ვახტანგის ძეებს - ბაქარსა და გიორგის, რომლებიც 1729 წელს მოსკოვში მამას ჩამოყვნენ, მამული კი თავად ვახტანგ მეექვსეს გადაეცა.
არჩილის შემდეგ ქართული წიგნის ბეჭდვის საქმე მისმა ვაჟმა - ბაქარ ვახტანგის ძემ გააგრძელა. ამ ქართულ სტამბაში დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა დავით გურამიშვილი, ქრისტეფორე, რომელმაც დაბეჭდა რუსულ- ქართული ანბანი, ხოლო 1743 წელს უფლისწულმა ვახუშტიმ გამოსცა პირველი ქართული ბიბლია.

„ვსესვიატსკოეს" ქართული სტამბა 1774 წლამდე არსებობდა. ვახტანგ VI მოსკოვში იმ ადგილას ცხოვრობდა, სადაც ახლა ლენინის სახელობის ბიბლიოთეკაა. „ოხოტნიჩიე რიადის" ახლოს ბაქარის სახლი იდგა.
მოსკოვში ჩასვლისას, ვახტანგ მეექვსესთან ერთად რუსეთში ჩავიდა დაახლოებით 3 000 ქართველი. მათი ნაწილი ასტრახანში დარჩა, ხოლო დანარჩენები - დაახლოებით 1200 კაცი მოსკოვს ჩამოვიდა. აქედან 43 თავადაზნაური იყო. ვახტანგ VI 1737 წელს ასტრახანში გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა მიძინების სახელობის ასტრახანის ტაძრის კრემლის კათედრალში.
მისი გარდაცვალების შემდეგ ქართულ ემიგრაციას უფლისწული ბაქარი ჩაუდგა სათავეში.

ვახტანგის ძე, უფლისწული გიორგი, რომელმაც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააშენა, რუსეთის არმიის მებრძოლი გენერალი იყო, მრავალ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, დაჯილდოებული იყო უმაღლესი ორდენებითა და გენერალ ანშეფის ჩინით, რომელიც მინიჭებული ჰქონდათ გამოჩენილ გენერლებს. 1785 წელს მან მოსკოვის უნივერსიტეტს 10 000 რუბლი გადაურიცხა. ეს იმდენივე თანხა იყო, რაც თავად მოსკოვის უნივერსიტეტის აშენებას დაჭირდა. ამას გარდა, ის იყო დედოფალ ელიზავეტას „ნამდვილი კამერგერი".
1700 წელს უფლისწული ათანასე - ვახტანგ მეექვსეს ძმა, გენერალ-პორუჩიკი კრემლის ობერკომენდანტად დანიშნეს.
ქართველი გრენადერების პოლკი ერთ-ერთი უძველესი იყო რუსულ არმიაში. ის 1700 წელს დაარსდა. მისი პოლკი მონაწილეობას იღებდა ჩრდილოეთის ომში (1799-1772 წწ.), თურქეთის ლაშქრობებში (1796 წ), რუსეთ-ირანის ომში (1726-1828), რუსეთ-თურქეთის ომში (1828-1829), (1877-1878), ყირიმის ომში (1853-1856), თავი გამოიჩინა კიურიუკ-დარიულ ბრძოლებში. კავკასიის ომში სოფელ გუნიბში გრიგოლ ორბელიანის მეთაურობით შამილი იქნა დატყვევებული. 1918 წელს ეს პოლკი დაშალეს.
1738 წელს მამუკა დავითაშვილის მიერ დაარსდა ქართველ ჰუსართა ლეგიონი, რომელშიც დავით გურამიშვილი მსახურობდა.

ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა"-ში ერთ-ერთი პარტიზანული გაერთიანების მეთაური - დენის დავიდოვი მამუკა დავითაშვილის შთამომავალი იყო. 1769 წელს ეს ლეგიონი მოსკოვის ლეგიონს შეუერთდა.

1761 წელს თეიმურაზ II 72 კაცთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა, ხოლო შემდეგ პეტერბურგში, სადაც 1762 წელს მოულოდნელად საქართველოში წასვლამდე გარდაიცვალა. ის ასტრახანში ვახტანგ მეექვსის გევრდზე არის დაკრძალული.

უნდა აღინიშნოს რომ კრემლის მთავარანგელოზის ტაძრის ეზოსმოძღვრები ქართველები იყვნენ. ქართულ ეკლესიებში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. მოსკოვში ქართული ტაძრები განთავსებული იყო „ბოლშაია გრუზინსკაიას" რაიონში (გლორია და ციციშვილი), ვორონცოვის მოედანზე, „გრუზინსკის" შესახვევთან. სულ ექვსი ეკლესია. მცირე თეატრის ახლოს (შემდეგში ხლიუდოვის სახლი, ახლა ცენტრალური ბანკი) განთავსებული იყო ქართველი მეფეების კარის ეკლესია. იპატევსკის შესახვევში ყოფილი ქართული სამების სახელობის ეკლესია მდებარეობდა. 1737 წელს იმერეთის მეფის სოლომონის ქვრივმა ანა პაატას ასულმა, ცნობილი მოსკოვის ხანძრის შემდეგ კვლავ შეაკეთა ნოვინსკის მონასტერი და ოთხი ეკლესია აღადგინა. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ამშვენებდა საკოლნიკებში ამაღლების ტაძარს, კიდევ ერთი ინახება ვორონცოვის ველზე პოკროვის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

ამ დროისთვის რუსეთში უკვე არსებობდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი კოლონია.

თანამედროვე რუსეთში აჯანყების მოედანზე მაღალი შენობიდან მოჩანს „კრასნაია პრესნიას" ქუჩა, რომლის ბოლოს მიწაყრილია, მას „გრუზინსკი ვალს" უწოდებენ. ცოტათი მარჯვნივ ზოოპარკის მწვანე ტერიტორიაა, როემლსაც ჰყოფს „ბოლშაია გრუზინსკაია", კიდევ უფრო მარჯვნივ - პლანეტარიუმის გუმბათი და სასტურმო „პეკინი". მთელი ეს რაიონი „ქართულ სამოსახლოს" წარმოადგენს („გრუზინსკაია სლობოდა"), რომელსაც უბრალოდ „გრუზინები" ერქვა და ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. მოსკოვში დღესაც მოქმედებენ „სანდუნოვსკიე ბანი", რომელიც ქართველი ზანდუკელის მიერ არის აშენებული. დიდი რუსი ფერმწერის რუბლიოვის მუზეუმი დავით არსენიშვილის დიდი ძალისხმევით დაარსდა.

სხვადასხვაგვარად წარიმართა საქართველოს მოწყვეტილი ქართველი პატრიოტების ბედ-იღბალი. მათგან, ვინც 1825-1845 წლებში ჩამოვიდა, ერთი ნაწილი უკრაინაში დასახლდა, სხვები - ასტრახანში, ორენბურგში, კაზანისა და ვორონეჟის მახლობლად. ყიზლარსა და მოზდოკში წარმოიქმნა დიდი ქართული კოლონია. 1812 წელს ყიზლარში დაიბადა 12 ქართველ გენერალს შორის ყველაზე უფრო ცნობილი, სამამულო ომის გმირი, რუსული არმიის ინფანტერიის გენერალი პეტრე ბაგრატიონი.

კიდევ ერთი სამეფო გვარის ისტორია დაკავშირებულია ნიჟნისა და ლისკოვოსთან. ლისკოვო, რომელიც პეტრე პირველმა მეფე არჩილს უბოძა, შემდგომში გადავიდა ალექსანდრე ბაქარის ძის მფლობელობაში, იმპერატორ ელიზავეტას ფავორიტის გიორგი ბაგრატიონ-გრუზინსკის საკუთრებაში. მან განაახლა სასახლე, ახალი საზაფხულო რეზიდენცია ააშენა, განფინა შესანიშნავი ბაღი უიშვიათესი ხეებითა და ყვავილებით (ამჟამინდელი ვერცხლის საუფლისწულო პარკი). ის მაკაროვოში მაუდის ფაბრიკას ფლობდა, ნაგანოვოში ცხენოსნობას მისდევდა, ხოლო ლისკოვოში _ მეღვინეობას. ამაღლების ტაძარი ააშენა, სკოლა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. 1775 წელს გიორგი გრუზინსკი სახალხო ლაშქარს მეთაურობდა ნიჟნი ნოვგოროდში. 21 წლის განმავლობაში გუბერნიის თავადაზნაურობის მეთაურია, 1801 წელს ალექსანდრე პირველის კორონაციის დროს ნიჟგოროდის დეპუტატი იყო.

საქართველოს რუსეთთან შეერთების დროს ვახტანგ მეექვსის შვილთაშვილმა იმპერატორს უძღვნა ქართული სახელმწიფოებრივი რელიკვია - წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრული მისი თმებით. ალექსანდრე პირველმა ეს ჯვარი ქართულ ეკლესიას დაუბრუნა. 1852 წლის 15 მაისს ლისკოვოში გარდაიცვალა ვახტანგ მეექვსეს უკანასკნელი შთამომავალი გიორგი გრუზინსკი. ის ლისკოვოს ცენტრში დაკრძალეს, ფერისცვალების ეკლესიაში, სადაც მისი დედა, ცოლი, ვაჟი და და განისვენებდა. უფლისწულ გიორგის გარდაცვალების შემდეგ მისი მამული შთამომავლობით მის ქალიშვილს - ანას, გენერალ-მაიორის, ობერ-პროკურორის, და, რაც მთავარია ვახტანგ მეექვსის შვილიშვილის - გრაფ ალექსანდრე პეტრეს ძე ტოლსტოის ცოლს ერგო. მის ლიტერატურულ სალონში იკრიბებოდნენ პუშკინი, ლერმონტოვი, კარამზინი, ტურგენევი და სხვ. ერთ-ერთ მის სახლში მოსკოვში, ნიკიტინსკის ბულვარში (ამჟამად სუვოროვის ბულვარი) ცხოვრობდა და უკანასკნელი წლები ნიკოლოზ გოგოლმა გაატარა.

გრაფინია ტოლსტოიმ 100 000 რუბლის ღირებულების სადოვო-კუდრინსკზე მდებარე სახლი მოხუცებულთა თავშესაფარს, ძვირფასი ხატი და ძვირფასი თვლები წმინდა სამების ეკლესიასთან არსებულ თავშესაფარს უანდერძა, ქართველი წმინდანების ნეშტები ანდერძის თანახმად ერთ-ერთ დედათა მონასტერს უნდა გადასცემოდა. ანა გიორგის ასული დონის მონასტერში მეუღლესთან იქნა დამარხული. მათი საფლავები არ დარჩენილა.

ნიჟგოროდისა და ლისკოვოს მუზეუმებში ზეთის საღებავებით შესრულებული ვახტანგ მეექვსის ერთადერთი პორტრეტი, ასევე ალექსანდრე ბაქარის ძისა და კათალიკოს ანტონ პირველის პორტრეტები, რომელმაც ოთხი წელი დაჰყო ლისკოვოში, სპილენძის გერბი ქართველი მეფეებისა, თეიმურაზ მეორის გრავიურა აღმოაჩინეს. აქვე მიაგნეს უძველეს ხელნაწერებს: „მარხვანს", XV საუკუნის სამკურნალო წიგნს ვახტანგ მეექვსის შენიშვნებით, XII საუკუნის სახარებას, რომელიც ვახტანგ მეექვსემ შეადგინა, ქართსელ მეფეთა გენეალოგიას, ქართველ მეფეთა მოკლე ბიოგრაფიებს და სხვ. ნაწილი ამ ექსპონატებისა საქართველოს მუზეუმში ინახება.

1783 წლის 24 ივლისს ჩრდილოეთ კავკასიის რუსულ სიმაგრეში - გეორგიევსკში ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორემ და რუსეთის დედოფალმა ეკატერინე მეორემ დადეს ხელშეკრულება (ტრაქტატი). საქართველოს მხრიდან ტრაქტატს ხელი მოაწერეს იოანე მუხრან-ბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ, ხოლო რუსეთის მხრიდან გენერალ-პორუჩიკმა პავლე პოტიონკინმა. ამ ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო შედიოდა რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ. მოლაპარაკებებში დიდი როლი ითამაშა არქიმანდრიტმა გაიოზმა, რომელიც უფლისწული ლევანის დროიდან და ანტონ კათოლიკოსის მოსკოვში საელჩო მოღვაწეობიდან მოყოლებული რუსულ მართლმადიდებლურ სამყაროში „გაის" სახელით იყო ცნობილი. შემდეგ მსახურობდა მოზდოკში, პენზაში, სარატოვში, ასტრახანში და კრემენჩუგში. იყო ასტრახანისა და კავკასიის არქიეპისკოპოსი, ხელმძღვანელობდა ოსეთში ქრისტიანობის აღდგენის კომისიას, გამოსცა პირველი ოსური წიგნი და ოსური ანბანი პეტერბურგში. ის 1821 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ასტრახანში ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის გვერდით.

გარსევან ჭავჭავაძის საელჩოში მისი ვაჟები მირიანი და ანტონი შედიოდნენ. მირიან რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩადგა, ხოლო ანტონი არქიეპიკოპოსად"ცარსკოე სელოს" მონასტერში. მას მინიჭებული ჰქონდა ალექსანდრე ნეველის, ანდრია პირველწოდებულის ორდენები და რუსეთის სინოდის წევრიც იყო. საქართველოს უკანასკნელი პატრიარქი, რომელსაც ეკლესიის ავტოკეფალია ჩამოართვეს 1828 წელს ნიჟნი ნოვგოროდში აღესრულა. დაკრძალულია ნოვოპრეობრაჟენსკის ტაძარში. გიორგი XII 1799 წელს ტრაქტატი განაახლა, ხოლო მეფის გარდაცვალების შემდეგ 1801 წლის 18 იანვარს რუსეთის იმპერატორმა პავლე პირველმა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ მანიფესტი გამოსცა, რომელიც საბოლოოდ გაფორმდა იმპერატორ ალექსანდრე პირველის გამოცემული 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით. ამის შემდეგ 1864 წლის ჩათვლით რუსეთმა საქართველოს სხვა სამეფოები შემოიერთა. ამით რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია დასრულდა.

1917 წლის 25 თებერვალს (12 მარტს) რუსეთში მოხდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია და 27 თებერვალს მეფის ხელისუფლება დაემხო. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1921 წლის 25 თებერვალს მეთერთმეტე წითელმა არმიამ სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

1922 წელს საბჭოების პირველმა ყრილობამ მიიღო დეკლარაცია და ხელშეკრულება საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკების დაარსების შესახებ, რომელშიც საქართველოც იქნა ჩართული.

მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში ქართველმა ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა. 3 500 000 მოქალაქედან არმიაში მსახურობდა 700 000, რომელთაგან 300 000 დაიღუპა. 156 ადამიანმა სსრკ-ს გმირის წოდება მიიღო, 240 000-ზე მეტი ადამიანი დაჯილდოებული იქნა მედლებითა და ორდენებით.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობის შესახებ.

საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებმა რუსეთის ისტორიაში, კულტურასა და ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში უზარმაზარი წვლილი შეიტანეს.

ნიკო მარი - მეცნიერ-მკვლევარი (დაიბადა1864 წლის 6 იანვარს ქალაქ ქუთაისში, გარდაიცვალა 1934 წლის 20 დეკემებერს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი)

ბიოგრაფია
მამა შოტლანდიელი ჰყავდა, დედა - ქართველი. 1884 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1890 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. 1891 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი იყო. 1894-1896 წლებში მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში.
ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად 1898 წ. გაემგზავრა ნ. კონდაკოვის ექსპედიციაში ათონის მთაზე, 1902 წ. - სინის მთაზე ი. ჯავახიშვილთან ერთად. 1913 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანი, 1924-1930 წლებში ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, 1930 წლიდან - სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

მოღვაწეობა
ენათმეცნიერება

მარი იკვლევდა სომხურ ენას, ქართულს და მის ნათესაობას სხვა ენებთან. წამოაყენა ჰიპოთეზა (1888-1916), რომ ქართული ენათესახება სემიტურ ენებს და ქართველურ ენებს იაფეტური ენები უწოდა (ბიბლიური ნოეს შვილის - იაფეტის სახელიდან). სემიტური და იაფეტური ენები ერთი (ნოეტური) ოჯახის ორ შტოდ გამოაცხადა. მთის კავკასიური ენათა შესწავლის შედეგად მარმა იაფეტური ენების წრეში შეიტანა აფხაზურ-ადიღური, ჩეჩნური და დაღესტნური ენებიც (1916-1920) და იაფეტური დამოუკიდებელ ენათა ოჯახად მიიჩნია. შემდგომში იაფეტურ ენათა ოჯახს მიაკუთვნა ბასკური, აგრეთვე წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის მკვდარი ენები: პელაზგური, ეტრუსკული (1920-1923). ნაშრომში "იაფეტური კავკასია და მესამე ეთნიკური ელემენტი ხმელთაშუა ზღვის კულტურის შექმნაში" (1920) მარმა იაფეტური ეთნიკური ელემენტი ქრონოლოგიურად უფრო ძველად ცნო, ვიდრე სემიტური და ინდოევროპული - იაფეტიდები ხმელთაშუა ზღვის აუზის უძველეს მოსახლეობას წარმოადგენდნენო; ამიტომ სემიტურთან ნათესაობის საკითხი მოიხსნა. აღიარებულ იქნა იაფეტურ ენათა შეჯვარება ჯერ სემიტურ, ხოლო უფრო გვიან ინდოევროპულ ენებთან.
მომდევნო პერიოდში მარი მივიდა იმ დასკვნემდე, თითქოს იაფეტიზმები დასტურდება მსოფლიოს ყველა ენაში. მან იაფეტური ენები გამოაცხადა მეტყველების უძველეს საფეხურად (სტადიად), ხოლო - ენათა ოჯახის ცნება უარყო.

1923 წლიდან (ნაშრომი "ხმელთაშუა ზღვის ინდოევროპული ენები") მარმა გაწყვიტა კავშირი ადრინდელ ენათმეცნიერებასთან, რომელიც ბურჟუაზიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ მეცნიერებად გამოაცხადა; უარყო მისი პრინციპები, როგორც მიუღებელი მარქსისტული მეცნიერებისათვის და შექმნა "ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება", რომელსაც, როგორც მარქსისტულ თეორიას, ძალით ახვევდა თავს საბჭოთა ენათმეცნიერებას. ამ თეორიაში ენა მიჩნეულია ზედნაშენად და კლასობრივ მოვლენად, მარი თვლიდა, რომ ბგერითი ენა იმთავითვე კლასობრივი იყო, არაკლასობრივი ენა არასოდეს არსებულაო. მან უარყო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მონათესავე ენათა ოჯახების არსებობა და წამოაყენა სტადიალური განვითარების პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად ენები ერთმანეთისაგან განსხვავდება არა წარმოშობის, არამედ განვითარების სტადიების მიხედვით, ხოლო თვით სტადიების რაოდენობა მარის არ გაურკვევია.
1950 წელს საენათმეცნიერო დისკუსიამ ნათელყო, რომ ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება არ არის მარქსისტული თეორია და რომ ამ თეორიის ძირითადი დებულებები მეცნიერულად გაუმართლებელია.

ფილოლოგია
მარის დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ფილოლოგიის განვითარებაში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მან ქართველურ ენათა შესწავლის საქმეში (განსაკუთრებით ახალი საენათმეცნიერო მოძღვრების შექმნამდე). გამოაქვეყნა (რუსულ ენაზე) "ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები" (1908), "ჭანურის გრამატიკა" (1910), "ძველი ქართული სალიტერატურო ენა" (1925), "ქართული ენა" (ფრანგულად, მ. ბრიერთან ერთად, 1931), რიგი საყურადღებო წერილებისა სვანური ენის შესახებ. მოგვცა მრავალი ანგარიშგასაწევი ეტიმოლოგია ქართველურ ენათა მასალაზე. მთის კავკასიური ენებიდან მარმა ყველაზე დიდი ყურადღება დაუთმო აფხაზურს და რამდენიმე გამოკვლევა უძღვნა. თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს მარის წერილებს სომხურის, როგორც ნარევი ენის, შესახებ (1911-1919). მარმა 1921 წელს პეტროგრადში დააარსა "იაფეტიდოლოგიური (1922-იდან - "იაფეტური") ინსტიტუტი", რომელიც 1933 შეცვალა "ენისა და აზროვნების ინსტიტუტმა". მარის ინიციატივით შეიქმნა შემდეგი სამეცნიერო სერიები: "Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии", 1900-1913; "Материалы по яфетическому языкознанию", "Яфетический сборник", 1922-1932; "Язык и мышление", 1933-1949; "Христианский Восток", " Bibliotheca Armeno-Georgica", "Monumenta hagiographica Georgica" და სხვა.

მწერლობა და კულტურა
მარმა დიდი ამაგი დასდო ქართულ სასულიერო და საერო მწერლობისა და კულტურის საკითხების შესწავლის ფუნდამენტური მონოგრაფიული გამოკვლევებით. მან ძველი ხელნაწერების მიხედვით, სათანადო მეცნიერული კომენტარებით, ლექსიკითა და რუსული თარგმანითურთ გამოსცა „პეტრე იბერის ცხოვრება" (1896), იპოლიტე რომაელის „თარგმანებია ქება-ქებათაჲ" (1901), ბასილი კესარიელის „ფიზიოლოგი" (1904), ანტიოქე სტრატიგის „იერუსალიმის წარტყვევნის" არაბული ტექსტის ქართული თარგმანი (1909), განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" (1911). იოანე პეტრიწისადმი მიძღვნილი გამოკვლევებით (ЗВО ტ. XIX, 1909) მარმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიულ შესწავლას.

მნიშვნელოვანი გამოკვლელები უძღვნა მარმა ქართული კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს: პირველმა გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებითურთ „აბდულმესიანი" და „თამარიანი" („ძველი ქართველი მეხოტბენი", რუსულ ენაზე, 1902). გააშუქა „ამირანდარეჯანიანთან", „ვისრამიანთან", „შაჰნამესთან", „რუსუდანიანთან", დაკავშირებული ქართულ-სპარსული და ქართულ-არაბული ლიტერატურული ურთიერთობების საკითხები. მარმა საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას, განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ვეფხისტყაოსნის ტექსტის საკითხების, რუსთაველის იდეოლოგიისა და მისი ეპოქის შესწავლას, გამოსცა პოემის პროლოგისა და ეპილოგის ტექსტები («შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" შესავალი და დასკვნითი სტროფები», რუსულ ენაზე, 1910) სათანადო გამოკვლევითა და რუსული თარგმანითურთ; მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი რუსთაველის ეპოქისა და კულტურული გარემოს შესახებ „ვეფხისტყაოსანი და ახალი კულტურულ-ისტორიული პრობლემა" (1917).

ისტორია
დიდია მარის დამსახურება საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლაშიც. ფეოდალური ხანის ცალკეულ გაურკვეველ პრობლემათა გაშუქების გარდა (ტაო-კლარჯეთის ისტორიის საკითხები, ანისში აღმოჩენილი ეტიფანე ქართლის კათალიკოსის წარწერის ანალიზი და სხვა), მას ეკუთვნის "საქართველოს ისტორია" (პეტერბურგი, 1906) რუსულ ენაზე, რომელშიც გადმოცემულია ქართველი ხალხის ისტორია ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის დასასრულიდან; განხილულია ქართული კულტურის ისტორიული საკითხები (დამწერლობის, ქრისტიანობის წარმოშობა, ლიტერატურის ისტორია და სხვა); ყურადღება ექცევა ქართველი ხალხის ეთნოგენეზის პრობლემასაც. საქართველო-კავკასიის უძველესი ხანის ისტორია ერთ მთლიანობაშია გადაწყვეტილი (ქართველ-კავკასიურ ტომთა მცირე აზიიდან მიგრაციის, ქართველ-ურარტუელ ტომთა ნათესაობის, ქართველ-ბასკური პარალალების საკითხები და სხვა).

არქეოლოგია
მარის მეცნიერულ მოღვაწეობაში გარკვეული ადგილი უჭირავს არქეოლოგიასაც. მის მიერ ჩატარებულ გათხრებს ანისში (1892-იდან) დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეების სომხურ ქალაქებისა და კულტურის ისტორიის შესწავლისათვის. 1893 დაიწყო ვორნაკის სამაროვანის გათხრა, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო გათხრები ვანის ტბის (თურქეთი) სამხრეთ სანაპიროზე 1916. აქ მარმა გაშიფრა ი. ორბელის მიერ აღმოჩენილი ურარტუს მეფის სარდურ II-ის (760-730) ცნობილი სოლისებრი წარწერა, რომლის ერთ-ერთ მუხლში მოხსენიებული იყო კულხას (კოლხას) ქვეყანა.

დიმიტრი როსტომის ძე აბაშიძე (დ. 8 სექტემბერი 1856 - გ. წ. უცნობია), თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1913).
განათლება მიიღო ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, ტფილისის ქვეით იუნკერთა სკოლაში და კავალერიის ოფიცერთა სკოლაში. სამხედრო სამსახურში იყო 1873 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878). 1907-1912 წწ. მეთაურობდა დრაგუნთა პოლკს. 1915 წლიდან იყო რეზერვის დაქვემდებარებაში.

ნიკოლოზ ლევანის ძე აბაზაძე (* 19 ივლისი, 1863, სოფ. სურამი - † 1 ოქტომბერი, 1931, იქვე), ქართველი ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1890). მუშაობდა თბილისსა და სურამში. იყო ნაფიცი მსაჯული, ადვოკატთა კოლეგიის წევრი. აბაზაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის სოციალური და სამეურნეო ყოფის შესწავლაში. მისი მთავარი შრომებია: "საოჯახო თემი ქართველებში" (1893) და "ხანულობა" წველაში მოზიარეობის წეს-ჩვეულება» (1898, ორივე რუსულ ენაზე).
იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია (დ. 2 მარტი/15 მარტი, 1882, ქუთაისი - გ. 1938), ქართველი ფთიზიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1924), პროფესორი (1930) 1911 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. აბაკელიას თაოსნობით დაარსდა თბილისის პირველი ტუბერკულოზის ამბულატორია (1922; 1925-იდან I ტუბდისპანსერი) და ტუბერკულოზის რესპუბლიკური ინსტიტუტი (1930). 1938-მდე ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო. გამოიკვლია ორგანიზმში ტუბერკულოზის გავრცელების მანამდე შეუსწავლელი ლიმფური გზები; ავტორია პირველი ქართული სახელმძღვანელოსი ტუბერკულოზის შესახებ. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

გიორგი აბაშვილი (დ. 8 იანვარი, 1910, თბილისი - გ. 26 სექტემბერი, 1982, ლენინგრადი), სამხედრო-საზღვაო მოღვაწე, საბჭოთა ვიცე-ადმირალი.
დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი (1931) და დაინიშნა ბალტიის ფლოტის საესკადრო ნაღმოსან "ვოლოდარსკის" შტურმანად. 1932-1934 წლებში საესკადრო ნაღმოსან "ლენინის" შტურმანი იყო, 1935-1936 - სასწავლო გემის უფროსის მოადგილე, 1936 - საგუშაგო ხომალდ "პურგას", ხოლო 1939 - საგუშაგო ხომალდების დივიზიონის მეთაური. მონაწილეობდა ფინეთის წინააღმდეგ ომსა და მეორე მსოფლიო ომში. 1944 წელს მეთაურობდა საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონს, იყო ბალტიის ზღვის ფლოტის შტაბის უფროსის მოადგილე; თავი გამოიჩინა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისათვის ბრძოლაში. 1962 წ. კარიბის კრიზისის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს კუბაზე. ზოგიერთი ცნობით აბაშვილმა დააყოვნა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილების მიღება. იმავე წელს თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, ნახიმოვის ორდენებითა და მედლებით.