ქართული დიასპორა

საფრანგეთის ქართული დიასპორის დახასიათება და განსახლება

საფრანგეთის ქართული დიასპორა გასული საუკუნიდან დღემდე ორ ძირითად კატეგორიად იყოფა - მე-20 საუკუნის ემიგრაციული ტალღა ანუ ისტორიული ემიგრაცია და დღევანდელი - თანამედროვე ემიგრაცია. პირველი კატეგორია გულისხმობს გასული საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში მოხვედრილ არისტოკრატებსა და ხელოვანებს, ემიგრანტებს, რომლებმაც სამშობლო 1921-1924 წლებში დატოვეს. გარდა ამისა იმათ, ვინც ემიგრაციაში მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოჩდნენ. ემიგრანტთა მეორე კატეგორიას მიეკუთვნება 90-იან წლებში უცხოეთისკენ დაძრული ქართველები, ეს პროცესი დღემდე გრძელდება, ანუ ესენი არიან 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო საქართველოდან იძულებით წასულები. რომელთა დიდი ნაწილისთვის, ვიმედოვნებთ, რომ ემიგრაციაში ყოფნა დროებითია.

 დღევანდელი - თანამედროვე ემიგრაცია

დღევანდელი ემიგრაცია გასული საუკუნის ემიგრაციისგან განსხვავებულია. აქ უფრო ეკონომიკური პრობლემატიკა იჩენს თავს. ამას მიემატა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ წასული სტუდენტობა და სპორტსმენები, რომელთა ნაწილიც სამშობლოში უკვე დაბრუნდა, ნაწილი კი კვლავ აგრძელებს პროფესიულ ზრდას.
90-იანი წლებიდან დაიწყო, საქართველოდან საფრანგეთში, რაგბისტების გამგზავრება ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. ეს გადაწყვეტილება მიიღო იმდროინდელი რაგბის ფედერაციამ, რომლის პრეზიდენტი იყო ბიძინა გეგიძე. ფედერაციის მიზანი იყო ქართველ მორაგბეებს მეტი გამოცდილება მიეღოთ და თამაშის დონე გაეუმჯოსებინათ.
დღეს ბევრი ქართველი მორაგბე იღებს მონაწილეობას საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს პირველ და მეორე დივიზიონებში, მათ შორის რამდენიმე საფრანგეთის ჩემპიონატის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ რამდენიმე მათგანი გახდა მწვრთნელი, კერძოდ, ზაზა ლეჟავა და ვიქტორ დიდებულიძე.
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მორაგბეების სია დიდია. ზოგმა სპორტული კარიერა დაასრულა და საქართველოშიდაბრუნდა. ზოგი კი აგრძელებს და დროებით დარჩა საფრანგეთში, მაგრამ თითოეული მათგანი თავის გამოცდილებასა და იმ ცოდნას, რაც საფრანგეთში მიიღეს, საქართველოს რაგბის განვითარებას მოახმარს.
დღეისათვის, საფრანგეთი რამდენიმე ათას, წარმოშობით ქართველ, საფრანგეთის მოქალაქეს ითვლის, რომლებიც არიან 1920, 1940 და 1990-იანი წლების პოლიტიკური ემიგრანტები ან იმავე წლების ეკონომიკური ემიგრანტები.
,,ახალი ემიგრანტები" ძირითადად პარიზსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსდნენ, კერძოდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საფრანგეთში, სტრასბურგის, ნანტის, რენის, იონოს, ბრეტანის, მონპელიეს, ნორმანდიის დეპარტამენტსა და სხვ. პროვინციულ ქალაქებში. ლევილსა და სოშოში დასახლებული პირველი ტალღის ემიგრანტთა შთამომავლები მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე მიმოიფანტნენ.
ამგვარად, გასული საუკუნის პოლიტიკური მოტივაციით წასულ ემიგრანტთა შთამომავლობა პროგრესულად განვითარდა და ფრანგულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა, თუმცა შეინარჩუნა თავისი სამშობლოს დიდი სიყვარული და ქართველი ერის განუყოფელ ნაწილად დარჩა. ამ პირველ ემიგრანტთა შთმომავლობა საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწილად იქცა, ანუ ისინი გახდნენ ოფიცრები, ინჟინრები, მუსიკოსები, ელჩები, დიპლომატები, პროფესორები, მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები, არქიტექტორები, მსახიობები, სპორტსმენები, მათ შორის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი მცველიც კი იყო. განსაკუთრებით სასიქადულოა საფრანგეთის აკადემიაში იმ დროისთვის ერთადერთი ქალის - ელენ დ'ანკო-ზურაბიშვილის არსებობა.

 გასული საუკუნის ისტორიული ემიგრაცია

პირველი ტალღის ემიგრანტთაგან ბევრი პოლიტიკური, სამხედრო, კულტურული და ეკონომუკური სფეროს წარმომადგენელი იყო. მათ სამშობლო 1921 წლის ოკუპაციის, 1924 წლის აჯანყების დამარცხებისა და რეპრესიების გამო დატოვეს. ისინი იყვნენ მთავრობის, დამფუძნებელი კრების, პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, ქართული არმიისა და გვარდიის შტაბების, კოჯორ-ტაბახმელასთან მებრძოლ სამხედრო პირები, იუნკერთა სკოლის კურსანტებისა და მათი ოჯახების თვალსაჩინო წევრები.
უცხოეთიდან სამშობლოში ვეღარ დაბრუნდნენ დიპლომატები, საელჩოების თანამშრომლები, ხელოვნების დარგის მოღვაწენი, სტუდენტები, ყველა ის ადამიანი, ვინც საზღვარი საბჭოთა რეჟიმისგან თავის დასაღწევად საიდუმლოდ გადალახა. მათ ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა განსხვავებული ჰქონდათ. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ყველა თავისებურად ეძებდა, მაგრამ ემიგრაციის ამ მრავალფეროვან და ხშირად ურთიერთდაპირისპირებულ სპექტრს სამშობლოს დიდი სიყვარული და ერთადერთი სურვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა აერთიანებდა.

I ტალღის ემიგრანტთა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის. მათი რიცხვი დაახლოებით 600 კაცით განისაზღვრება (1921:150 / 1924:250 / 1945:200). ისინი ემიგრაციაში სხვადასვა დროს და სხვადასხვა გზით აღმოჩნდნენ.
ცნობილია თუ როგორ მოხვდა ემიგრაციაში ექვთიმე თაყაიშვილი. 1921 წლის თებერვალში, როდესაც წითელი არმია თბილისს მიუახლოვდა, ივანე ჯავახიშვილის რჩევით, ექვთიმესა და ფინანსთა მინისტრის თანაშემწეს, იოსებ ელიგულაშვილს ბოლშევიკთა ხელყოფისაგან საქართველოს სახელმწიფო ხაზინისა და ეროვნული განძის გადარჩენა დაევალათ. განძი ბათუმიდან ჯერ სტამბულში ჩაიტანეს, 10 აპრილს კი მარსელში გადაიტანეს. მთავრობის მიერ მივლინებული ცნობილი მეცნიერისა და დიპლომატის ზურაბ ავალიშვილისა და მთავრობის საქმეთა რწმუნებულის ანდრია დეკანოზიშვილის დახმარებით, განძი მარსელის ბანკში მოათავსეს.

ლევილის შატოხაზინის ვერცხლეულობის გაყიდვის შედეგად აღებული ფულით, ბანკში სამუზეუმო განძის შენახვის ერთი წლის საფასური გადაიხადეს და პარიზთან ახლოს, დაბა ლევილის მამული და ორსართულიანი სასახლე « შატო » შეიძინეს. მამული დღესაც  თეორიულად (1928 და 1953 წლების ანდერძის მიხედვით) საქართველოს ეკუთვნის და ქართულ ემიგრაციას 88 წელია დიდ სამსახურს უწევს, როგორც ლტოლვილთა თავშესაფარი და უცხოეთში გარდაცვლილთა საძვალე.

ლტოლვილების პირველი დიდი ნაკადი სტამბულმა მიიღო. ქართველ კათოლიკეთა მონასტერმაფართოდ გაუღო კარი და თავშესაფარი მისცა. მამაკაცები მონასტრის სენაკებში დააბინავეს, მათი ოჯახები კი საკონსულოში.
1921 წლის ბოლოს საქართველოს საელჩომ სამოქალაქო ომის ალში გახვეული სტამბულიდან ევროპაში ლტოლვილთა გაყვანა და კონტრაქტების საფუძველზე ევროპის ქვეყნებში მათი დასაქმება დაიწყო.
ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი საფრანგეთში აღმოჩნდა. მამაკაცები ფიზიკურად შრომობდნენ, ტაქსის მძღოლებად ან «პეჟოს» და «სიმკა-კრეისლერის» ქარხნებში ხელშეკრულებით მუშაობდნენ. ქალები ოჯახების დასახმარებლად კერავდნენ, ქსოვდნენ და ქარგავდნენ.
საქართველოს ყოფილი მთავარსარდალმა, გიორგი კვინიტაძემ პირველმა მიჰყო ხელი მაწვნის დამზადებას. მართალია, მაწვნის დამზადება დიდად შემოსავლიანი არ იყო, მაგრამ გაჭირვებული ქართული ემიგრანტებისთვის მაინც სარგებლიანი საქმიანობა აღმოჩნდა.
მთავრობისა და პოლიტიკოსთა ნაწილი პარიზის მახლობლად დაბა ლევილში დაბინავდა და თავს პოლონეთის მთავრობის სუბსიდიითა და მიწადმოქმედებით ირჩენდა. ლტოლვილთა უმეტესობა კი პარიზსა და მის შემოგარენში ლინასში, არპაჟონში, ვალენტინეში, სოშო-ოდენკურში დასახლდა.

პარიზის შემდეგ ყველაზე მეტი ქართველი დუს დეპარტამენტში დასახლდა. სოშო-ოდენკურში და მის შემოგარენში - მობელიარში. ქართველები საკმაოდ იყვნენ მონპელიეში, ორნში, ბორდოში, ნანსში, კრეზოში, შალიში, ტულუზაში. ქართველები მცირე ჯგუფებად ბიანკურში ლიონში, აბონდანში, ბანიოში, გრენობლში, პონტემარში, მარსელში და სსვ. ქალაქებში ცხოვრობდნენ.

 რელიგია, ენა, კულტურა

 წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია

წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქართული ემიგრაციის კონსოლიდაციაში. ქართულ ენაზე მოძღვრის სიტყვასა და ქადაგებას მრევლისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
წმ.ნინოს ეკლესიაში წირვა ქართულ ენაზე აღევლინება. ეკლესია მისი უწმინდესობა მიტროპოლიტ ჟერემის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, რომელიც იმავდროულად საფრანგეთის ეკუმენისტური საპატრიარქოს ეპარქიის მიტროპოლიტი და საფრანგეთის ორთოდოქსული ეპისკოპოსების საბჭოს პრეზიდენტი იყო.
დღეს მრევლის ხელმძღვანელი პროტოპრესვიტერი არჩილ დავრიშაშვილია, რომელიც განაწესის თანახმადმრევლის კულტურულ ასოციაციას მართავს. ქტიტორი და ხაზინადარი მიშელ ვოდე და ტარიელ ზურაბიშვილი არიან.
კომუნას კათოლიკური ეკლესია წმ.ნინოს კულტურულ ასოციაციას ეთმობა, სადაც დროდადრომართლმადიდებლური მღვდელთმსახურება იმართება, რომელსაც კათოლიკური წირვაც ერთვება. წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
წმ.ნინოს სახელობის მრევლმა ლევილ-სიურ-ორჟის წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის მრევლს საჩუქრად გადასცა მცხეთიდან ჩამოსვენებული ხატი. წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ელესიამე-13 საუკუნეში აშენდა.
ამ პერიოდიდან ქართული საზოგადოება ქართული ემიგრაციის რეზიდენციის პარკს რეგულარულად უთმობს ლევილ-სიურ-ორჟის წმ. იოანეს სახელობის მრევლის ასოციაციას ყოველწლიური ზეიმის « ალუბლობის » ჩასატარებლად.

 წმინდა ნინოს სახელობის ბილინგვური სკოლა

საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ან ემიგრაციაში დაბადებული ახალი თაობისათვის მშობლიური ენისა და კულტურის სწავლება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებიც დედობილ ქვეყანაში იზრდებიან და არ უწევთ ქართულ გარემოში ყოფნა, ნელ-ნელა ქართულ წერა-კითხვას, საქართველოს ისტორიას, მწერლობას, ქართულ კულტურასა და ტრადიციას ივიწყებენ.
გასული საუკუნის ევროპის ხელმოკლე ქართულ ემიგრაციას საშუალება არ ჰქონდა სკოლები დაეარსებინა, ამიტომ ქართულ ენას ბავშვები ძირითადად ოჯახებში სწავლობდნენ. განსაკუთრებით რთული იყო ენისა და მენტალიტეტის შენარჩუნება მათთვის, ვისაც დედა არაქართველი ჰყავდა.
დღეს ქართული სკოლების დაარსების და ქართული ენისა და კულტურის სწავლების საჭიროებაზე მეტად არის ყურადღება გამახვილებული.
პარიზში ფუნქციონირებს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიათან არსებული ფრანგულ-ქართული ბილინგვური სკოლა, რომელსაც რუსუდან ნიკოლეიშვილი და ეკატერინე ქუთათელაძე ხელმძღვანელობს. სკოლაში სწავლა შეუძლიათ, როგორც ქართველი ეროვნების ბავშვებს, ასევე საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და მათ შთამომავლობას, აგრეთვე, ქართული კულტურითა და ცივილიზაციით დაინტერესებულ ყველა მსურველს.
2005 წლის 2 ოქტომბრიდან სკოლა ითვლის 4-დან 14 წლამდე თხუთმეტიოდე მოსწავლეს, რომლებიც თავიანთი დონისა და ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილებულები არიან.
სკოლის მიზანია ფრანგული დიასპორის ქართველი ბავშვები თავიანთ ქართულ ფესვებს არ მოსწყდნენ და ქართული ენა, ცივილიზაცია და კულტურა შეისწავლონ, იმავდროულად, ფრანგულ კულტურასთან მათ ინტეგრირების ხელშეეწყობა.
პარალელურად სკოლაში შესაძლებელია ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა რომელსაც ბატონი ოთარ პატარიძე ხელმძღვანელობს. ბატონი ოთარი თვეში ერთხელ ბავშვებს ქართული სიმღერების გაკვეთილებს ჩაუტარებს, აგრეთვე, სკოლა სთავაზობს საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს ფრანგული ენის შემსწავლელ კურსებში მონაწილეობას და ეხმარება მათ ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში, რათა მათ ფრანგულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია გაუადვილოს.
სწავლა ბავშვებისთვის უფასოა. მოზარდთათვის გადასახადი ნებაყოფლობითია, რაც სასწავლებლის მოწყობა-შენახვის ხარჯებს მოემსახურება.
სწავლა სკოლაში წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო ეკლესიაში კვირაობით 13 საათიდან 18 საათამდე მიმდინარეობს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი : 6-8 როსიერის, 75015, პარიზი
E-mail : ecolegeorgienne@yahoo.fr

ქართული დღესასწაულები

ქართულ ემიგრაციაში დიდი ზეიმით შობა-ახალი წელი, ნინოობა და 26 მაისი აღინიშნება.
შობა-ახალი წელი, განსაკუთრებით ზეიმით აღინიშნება, როგორც წესი, ბავშვებისათვის ნაძვისხე იდგმება და მხატვრული დილა ან საღამო ტარდება. ბავშვები ლექსებს, ცეკვავენ, მღერიან კითხულობენ, უფროსებისაგან წინასწარ მომზადებულ საჩუქრებს იღებენ .
ყველაზე საყვარელი დღესასწაული პარიზელ ქართველებში ნინოობა იყო და თავდაპირველად შედარებით მოკრძალებულად ვიწრო წრეში აღნიშნავდნენ. თუმცა, 1925 წლის 27 იანვარს, პარიზში ნინოობას ქართველების გარდა ბევრი ცნობილი უცხოელიც დაესწრო და ყველა დიდად კმაყოფილი დარჩა. 1929 წლიდან 14 მაისს თამარობის აღნიშვნა მოკრძალებულად დაიწყეს.

დიდი ზეიმით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა. 1922 წლიდან მოყოლებული, დღემდე 26 მაისს მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართული ემიგრაცია ერთსულოვნად ზეიმობს.
დღემდე ტრადიციად შემორჩა გაზაფხულზე გამართული ,,ალუბლობის'' დღესასწაული, ჯგუფმა ,,ირინოლამ'' ქართული პოლიფონიის კონცერტი ორჯერ ჩაატარა: 2003 წლის ნოემბერში და 2004 წლის ,,ალუბლობის'' დღესასწაულზე.

 ქართულ ხალხური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლები საფრანგეთში

დღეს, საფრანგეთში რამოდენიმე ქართული სიმღერის შემსრულებელი ანსამბლი არსებობს: ანსამბლი ,,მარანი'', ფრანგ ქალთა ქართული პოლიფონიის ანსამბლი ,,მადრაკელი , ანსამბლი ,,ქართული ჰარმონია'', ზემოთ ხსენებული ანსამბლი ,,ირინოლა'' და ანსამბლი ,,ნიმი''.

ანსამბლი ,,მარანი,,
ანსამბლი  'მარანი'ანსამბლი ,,მარანი'' მამაკაცთა ვოკალური გუნდია, რომლის ძირითად რეპერტუარს საქართველოს სხვადასხვა კუთხის პოლიფონიური სიმღერები შეადგენს.
იმისათვის რომ კავკასიური მუსიკის ამ განსაკუთრებულ ტონალურობას ჩასწვდეს, ანსამბ მარანის მომღერლები ყველა ჩანაწერს და « წინაპართა » ნამღერს დიდი ყურადღებით უსმენენ. ამიტომაცაა, რომ სიმღერების უკეთ სასწავლად, 1993 წლიდან მოყოლებული, მარანის სოლისტები რეგულარულად საქართველოში ჩადიან, მის სხვადასხვა კუთხეში, იქ სადაც სიმღერა მხოლოდ ნამღერით თუ თაობიდან თაობას გადაეცემა. მოხერხდა ისეთი სიმღერების სწავლა, რომლებიც აქამდე არც არავის ჩაეწერა.
ასოციაცია მარანის ძალისხმევით, რეგულარულად ხდება ქართველი მომღერლების საფრანგეთში მოწვევა, სადაც არა მარტო მარანის, არამედ ფართო პუბლიკის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ სიმღერის გაკვეთილებზე დასწრება.

განსაკუთრებულად შეიძლება აღინიშნოს კონცერტები, რომლებიც ჩატარდა :
- პარიზში: რადიო ფრანსში, სენ-ჟერმენ-დე-პრეს აუდიტორიუმში, სენტ შაპელში, ოპიმლიაში, იუნესკოში , მანდაპას ცენტრში, სენ-ლუი დე ლა სალპეტრიერის ეკლესიაში, სენ-ჟერმენ-დე-პრეს, სენ-როკის ეკლესიებში, ევროპისა და აღმოსავლეთის სახლში, ტამპლემონის ტაზარში, ოპერა ბასტილიის სტუდიაში პარიზის 2008 წლის გაზაფხულის ფესტივალზე.ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს კონცერტი
- ტურნეს დროს: საქართველოში (2006 წელს ქართული პოლიფონიის მესამე სიმპოზიუმზე), წმინდა ხმების ფესტივალზე (ლოზანში), რუაიომონისა და დაოულას მონასტრებში, ფესტივალზე აღმოსავლეთ-დასავლეთი, ფესტივალზე კორესპონდენციები (უარონის სასახლეში), ლე მანეჟსჰი (რენსში), ფესტივალზე დანკერკში, ფრანსუა მიტერანის სახელობის კულტურილ ცენტრში, წმინდა ხელოვნებათა ფესტივალზე (სენ ლიზიეს საკათედრო ტაძარში).რათქმაუნდა აქვე უნდა აღინიშნოს ის «არაოფიციალური» კონცერტები, რომლებიც საქართველოს საელჩოსა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს ეგიდით გაიმართა.

ანსამბლი ,,მადრაკელი,,
ანსამბლი ,,მადრაკელი,, ფრანგი ქალებისაგან შემდგარი პოლიფონიური გუნდია, რომელიც 2003 წლიდან ქართულ,ხალხურ პოლიფონიურ სიმღერებს ასრულებს, რომლებსაც საფრანგეთში სპეციალური მოწვევით მყოფი ქართული ხალხური სიმღერის მომღერლებისგან სწავლობენ.
გუნდს ქართველებთან მეგობრობა ქართული-ხალხური სიმღერების უკეთ გაგებაში და ინპროვიზებაში ეხმარება.

ანსამბლი ,,მადრაკელი'' გაერთიანება მარანის განშტოებაა.

ანსამბლი ,,ქართული ჰარმონია''
ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი ,,ქართული ჰარმონია'' 2006 წელს ქალბატონ ნანა ფერაძის ხელმძღვანელობით დაარსდა. ანსამბლის რეპერტუარში საქარველოს სხვადასხვა კუთხის პოლიფონიური სიმღერები და საეკლესიო საგალობლებია წარმოდგენილი. მისი დაარსების დღიდან, ამსამბლმა კონცერტები ქ. ბელგრადში (სერბეთი), ქ.თბილისში ,,ჩვენებურების'' საერთაშორისო ფესტივალზე და პარიზში გამართა. საკონტაქტო ინფორმაცია:
www.harmoniegeorgienne.org

ჯგუფი «ირინოლა»
ყოფილმა ჯგუფმა «ირინოლამ» ქართული პოლიფონიის კონცერტი ორჯერ ჩაატარა : 2003 წლის ნოემბერში და 2004 წლის «ალუბლობის» დღესასწაულზე.

ანსამბლი ,,ბიელკა და სულიკო''
ანსამბლის წევრები ბელკა და სულიკო ჩხაიძე დედა-შვილია.
ქართული სულის მატარებელი ლამაზი ოჯახი ქართული ფოლკლორითაა დაინტერესებული. მათ შესანიშნავად აუღეს აღლო რთული ფოლკლორული სიმღერების შესწავლას. დედა-შვილმა რამდენიმე მუსიკალური ალბომიც გამოსცა.
იამავე წლის ივლისში დედა-შვილმა არტ.გენის ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა.

ანსამბლი ,,ნიმი''
ქალთა ვოკალური ტრიო « ნიმი » (ნინო, ია, მარიამი) 2004 წელს ჩამოყალიბდა. მისი მომღერლები ქართული ემიგრაციის სტუდენტური შტოს წარმომადგენლები არიან.
სათვისტომოს მიერ ორგანიზებული ღონიძიებების შემდეგ მრავალი ექსპრომტული კონცერტი გამართულა. სწორედ ეს გახდა მათი ტრიოდ ჩამოყალიბების მიზეზი. «ნიმი» პოლიფონიურთან ერთად ბევრ ქალაქურ სიმღერასაც ასრულებს, რასაც საფრანგეთის მსმენელისათვის გარკვეული სიახლე შემოაქვს.
მათი გამოსვლებიდან აღსანიშნავია: 2004 და 2005 წელს კავკასიის სახლში ჩატარეული კონცერტები და 2004 წლის 8 დეკემბერსა და 2005 წლის პარიზის ნელის (théâtre de Nesle) სახელობის თეატრში გამართული კონცერტები.
საკონტაქტო ინფორმაცია: E-mail: nim@geba.fr
ქართული კულტურისა და ხელოვნების მესვეურთაგან საფრანგეთში ახლაც მოღვაწეობას განაგრძობენ კინორეჟისორები ნანა ჯორჯაძე, ოთარ იოსელიანი, თემურ ბაბლუანი, მსახიობი გიორგი ბაბლუანი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე, დიაზაინერი ნასიძე და მრავალი სხვ.

ქართული დიასპორის ორგანიზაციები/საინფორმაციო რესურსები

საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო

საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო 1922 წელს დაარსდა, მას შემდეგ, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით იძულებული შეიქნა დაეტოვებინა საქართველო და ემიგრაციაში წასულიყო. მის შექმნას საფუძვლად ედება დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის თარიღი, 1918 წლის 26 მაისი. სათვისტომო იზიარებს საქართველოს ძირითად ღირებულებებს : თანაბრად უზრუნველყოს ყველა თავისი მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებები მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

90-იან წლებში საფრანგეთის ქართულმა სათვისტომომ ემიგრაციის ახალი ნაკადი შეიკედლა. ძირითადად პოლიტიკური სახის ემიგრანტები. მათ შორის ბევრი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი იყო. ამრიგად, ყოველწლიურად სათვისტომოს ერთბაშად რამოდენიმე ასეული პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა დაემატა.
2003 წელს, საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს რიგები კვლავ გაფართოვდა. ამჟამად მას ეკონომიკური ემიგრანტები შეუერთდნენ. საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ვიცე-პრეზიდენტის არჩევა. დირექცია ეროვნული ერთობის ნიშნის ქვეშ შეიკრიბა.
2004 წლის 8 მარტს ასოციაციამ შეხვედრა მოუწყო საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს სასტუმრო Meurice-ში. შეხვედრას 500-მდე ადამიანი დაესწრო.

2004 წლის 27 სექტემბერს სათვისტომოს ინიციატივით რუსეთის საელჩოს წინ გაიმართა საპროტესტო აქცია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიის წინააგმდეგ. საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს პრეზიდენტმა, ბატონმა ოთარ ზურაბიშვილმა, რუსეთის საელჩოს პირველ მრჩეველს ოფიციალური წერილი გადასცა, რომელშიც დაფიქსირებული იყო სათვისტომოს პოზიცია და რუსეთის მხრიდან სეპარატისტული ხელისუფლებების დე ფაქტო აღიარების დაგმობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

2008 წლის გაზაფხულზე ლევილის სასახლის გარეთა ფასადზე საქართველოდან 1921 წელს დევნილი ხელისუფლების პატივსაცემად სამემორიალო დაფა დამაგრდა, რომელიც საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში, ბატონმა მამუკა კუდავამ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა იულონ გაგოშიძემ და ლევილის მერმა, ბატონმა დანიელ ესპრინმა განათავსეს.
აგვისტოსა და სექტემბერში, რუსული აგრესიის შედეგად უსახლ-კაროდ დარჩენილი ქართველების დასახმარებლად საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომომ რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა. კერძოდ, 2008 წლის 20 აგვისტოს პარიზში, პომპიდუს ცენტრის წინ გაიმართა მშვიდობიანი აქცია "სიმღერა საქართველოში მშვიდობისათვის". აქციას სხვა ქვეყნის ემიგრანტებიც შეუერთდნენ და პარიზის დროით 19 საათზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ქართული პოლიფონიური სიმღერები ერთდროულად აჟღერდა.

2008 წლის 18 სექტემბერს პარიზის მადლენის სახელობის ეკლესიაში გრანდიოზული კონცერტი ჩატარდა, რომეშიც მონაწილეობა მიიგეს ისეთმა გამოჩენილმა ქართველმა და უცხოელმა ხელოვნებმა, როგორებიც არიან: პიანისტი ელისო ბოლქვაძე, გიტარისტი ემანუელ როსფელდერი, ლა სკალას სოპრანო თამარ იანო, ვიოლონჩელისტი გიორგი ხარაძე, ვოცალ-ინსტრუმენტალური ჯგუფი ,,33ა" და ნიაზ დიასამიძე, პოლიფონიური ანსამბლი ,,ქართული ხმები", ვოკალ-ინსტრუმენტალური ჯგუფი ,,შინი".
საახალწლოდ ასევე მოხდა ანრი მაჭავარიანის მიერ სერიგრაფიული (მხატვრული გამოხატვა) ნამუშევრის გაყიდვა ავტორის ხელმოწერით.

ყველა ამ აქციიდან და სხვადასხვა შემოწირულობებიდან შემოსული თანხა საქართველოში გამოიგზავნა ლტოლვილთა და უპოვართა დასახმარებლად. მსგავსი აქციები კვლავაც გრძელდება.
2008 წლის 15 აგვისტოს ლევილის სასახლეში მარიამობის დღესასწაული აღინიშნა. ყოველი წლის სექტემბერში სათვისტომოს ინიციატივით ტრადიციული საუზმე ტარდება, რომელიც «ქართული კუთხის» მოსავლელად ინვესტიციების მოზიდვისათვის არის გამიზნული. გამონაკლისს არც გასული წელი წარმოადგენდა.

საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო თავისი არსებობის ძირითად სტიმულს საქართველოში მიმდინარე ცვლილებებში ხედავს:
• დამოუკიდებლობის დაბრუნება 1991 წელს ;
• საერთაშორისო საზოგადოებისაგან აღიარება 1991 წლის დეკემბერი ;
• სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების სურვილი 2004 წელს.
ორმოცდაათიან წლებში, ქართველ ლტოლვილთა სათვისტომომ შეძლო ლევილის კომუნალურ სასაფლაოზე ,,ქართული კუთხის" გამოყოფა. იქ ამჟამად განისვენებს 500-მდე ემიგრანტი და მათი შთამომავალი. აშენებულ იქნა ძვალსალაგი, სადაც 20-იანი წლების გამოჩენილი პიროვნებები იქნენ დაკრძალულნი. ზოგიერთი ქართველი ახლომდებარე სასაფლაოზეა დაკრძალული (როგორიცაა წმ. ჟენევიევის (Sainte-Geneviève-des-Bois) სახელობის სასაფლაო)). ,,ქართული კუთხის" მოვლა-პატრონობა საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს ევალება.

ასოციაციას სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ ბატონები:
გიორგი ჟურული, ვახტანგ ღამბაშიძე, დავით სხირტლაძე, იოსებ ცინცაძე, შალვა სკამკოჩაიშვილი, შალვა აბდუშელიშვილი, ელისე პატარიძე, ლევან ზურაბიშვილი, ვიქტორ ხომერიკი, თამაზ ნასყიდაშვილი, ოთარ პატარიძე, სერგო მელიავა, ქალბატონი ლია გოგიტიძე, ნოდარ ოდიშელიძე, ტარიელ ზურაბიშვილი, გია სარჯველაძე და ოთარ ზურაბიშვილი.
საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს:
ბიუროს მისამართი : № 3 აზილის ქუჩა, 78 400 შატუ
ახალი ინტერნეტ საიტი : http://www.georgie-agf.eu

საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს გეგმები და პროექტები საქართველოსთან მიმართებაში

შუა კახეთში მდებარე ქართული საგანძურის გადარჩენისა და დახმარების ფონდი :
კახეთის ტერიტორიაზე მდებარე მეცხრე საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, ამჟამად იტორიულ მონუმენტად არ მოიხსენიება. თუმცა მისი ეროვნული ღირებულება შეუფასებელია.
ამ მონასტრული კომპლექსის აშენება შეიძლება მიეკუთვნოს წმინდა ილარიონ ქართველს. მემატიანენი წმილარიონს კახეთის რეგიონში 6 მონასტრის აგებას მიაწერენ, აქედან ორი დავით გარეჯში და ერთიც სოფელ აკურასთან მდებარეობს.
ამ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის კომპლექსის, რომელიც რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული, კონსერვაცია-რესტავრაციის პირველი ეტაპი მოიცავს ნანგრევებსა და მონუმენტების ბალახებისგან გაწმენდა რათა შესაძლებელი გახდეს ტოპოგრაფიული და ფოტოგრაპიული მონაცემების შექმნა. ეს ეტაპი უმნიშვნელოვანესია ამ მონუმენტთა გადასარჩენად.
ამ სამონასტრო კომპლექსის აღდგენის ძალისხმევას არა მარტო ეროვნული და სულიერი ღირებულება არამედ ჰუმანიტარული სარჩულიც ადევს, რადგან მოხდა ახლომდებარე სოფლებში მაცხოვრებელთა დასაქმება. ამით ერთის მხრივ გადაიჭრა უმუშევრობის და დასაქმების პრობლემა და მეორეს მხრივ ქართული ისტორიული ძეგლის აღდგენაც მოხერხდა.
1. თბილისის უნივერსიტეტი
საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოსა და თბილისის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაიდო, რაც ითვალისწინებს :
2.1. სტიპენდიის დანიშვნას
ფრანგული ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაწერილ სამ მაგისტრანტ ქართველ სტუდენტს დაენიშნა სტიპენდია პირველი სემესტრის განმავლობაში და საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომომ მათი უნივერსიტეტში ჩაწერის საფასური თავის თავზე აიღო.
2.2 ფრანგული ლიტერატურის თარგმანი ქართულ ენაზე
ქსავიე დარკოსის (Xavier DARCOS) მიერ შედგენილი ფრანგული ლიტერატურის ისტორიული ნამუშევრის თარგმანი ქართველი სტუდენტებისათვის ხორციელდება.
2.3 ლევილი და უნივერსიტეტი
რამდენიმე შეხვედრამ და მოლაპარაკებამ სხვადასხვა ორგანიზაციებთან შესაძლებელი გახადა ლევილის სასახლის საქართველოს ხელისუფლებისათვის გადაცემის პროცესის დაჩქარება. სათვისტომოს ინიციატივა იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტს თავისი წარმომადგენლობა გააჩნდეს ამ მომავალ სტრუქტურაში განათლების მინისტრისა და უნივერსიტეტის რექტორის მიერ დამტკიცებული იქნა.
3. ფელიქს ვარლამიშვილის ექსპოზიცია საქართველოში
ეროვნული მუზეუმის დირექტორის, ბატონ ვარლამ ლორთქიფანიძის ძალისხმევით ბატონ ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევართა ექსპოზიცია განხორციელდა.
ბატონი ფელიქსი დაიბადა და მოგვაწეობს საფრანგეთში და იქ მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს წარმომადგენელია.
ეს ექსპოზიცია ქართველი მხატვრის ნამუშევრების პირველი გამოფენა იყო და განწორციელდა საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს დახმარებით.
4. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ასოციაცია მარანი
ასოციაცია მარანი ფრანკ კანმა თავისი რესურსებით და შესაძლებლობებით ჩამოაყალიბა, რითაც ქართული ტრადიციული პოლიფონია ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ამ მხრივ განსაკუთრებთ უნდა გამოიკვეთოს ანსამბლი « მარანი » (მამაკაცთა) და მანდილოსანთა ორი ანსამბლი, « ირინოლა » და « მადრაკელი ». საკონტაქტო ინფორმაცია:

წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
წმინდა ნინოს სახელობის ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესია ქართული ემიგრაციის კონსოლიდაციაში უდიდეს როლს ასრულებს. ქართულ ენაზე მოძღვრის სიტყვა და ქადაგება მრევლისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. საფრანგეთში მცხოვრები ქართველები წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში და სენ კლუში არსებულ წმინდა ნინოს სახელობის კულტურული გაერთიანების ცენტრში ხშირად იკრიბებიან.
წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის
მისამართი : როსიერის ქუჩა №6-8, 75015 პარიზი.
წმინდა ნინოს სახელობის კულტურული გაერთიანების ბიუროს
მისამართი : ბიუკურტის ქუჩა №8, 92 210 სენ კლუ.

პარიზის ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის კულტურული გაერთიანება

პარიზში არსებული ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის კურტურული გაერთიანება მიზნად ისახავს საქართველოს ისტორია და ქართული ენა ასწავლოს. მისი პრეზიდენტია INALCO -ს პროფესორი შარლ ურჟევიცზი.
ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის მისამართი:
სურსის ქუჩა # 31, 95 610 ერანი-სურ-უაზი, საფრანგეთი
ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ბიუროს მისამართი:
ყირიმის ქუჩა #140, 75019 პარიზი, საფრანგეთი


ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“

 

პარიზში მოქმედი ასოციაცია – ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ დაარსდა 2009 წელს. იგი მიზნად ისახავს ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებას ქართველი ემიგრანტებში. ორგანიზაციასთან არსებობს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა და ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.

ასოციაციის პრეზიდენტი: ეკა ბოდოკია

ასოციაციის მისამართი: 15, passage Ramey ( au niveau du 75 rue Marcadet), 75018  PARIS

მობ.: +33673790322  
ტელ.:+33178566506

e-mail: lazicentre@yahoo.fr

ქართული ასოციაცია ლიონში


ასოციაცი შეიქმნა 2011 წლის თებერვალში, თუმცა ოფიციალური გახსნა 14 მაისს ჰქონდა. ორგანიზაციაში 53 კაცია დარეგისტრირებული. ასოციაციის მთავარი ამოცანაა საფრანგეთში ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, ლიონში მცხოვრები ქართველების გაერთიანება და მათი თანადგომა. ახლო მომავალში ასოციაციის ლიდერები გეგმავენ ქართული საკვირაო სკოლისა და საცეკვაო ჯგუფების გახსნას, ქართველი მღვდლის ჩამოყვანას, ქართული საღამოობის მოწყობას, საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებას.


ქართული ასოციაციის ლიონში ხელმძღვანელია ქალბატონი ანა მიქელაშვილი.   


სტუდენტური ასოციაცია ,,სორბონი-საქართველო''

სორბონის უნივერსიტეტის, Paris 1-ის სტუდენტური ასოციაცია ,,სორბონი-საქართველო'' არის პირველი ქართული ასოციაცია საფრანგეთში, რომელიც 2005 წლის 26 მაისს დაარსდა.
ასოციაციის პრეზიდენტია დავით გეწაძე.
მისი მიზანია საფრანგეთში არსებული საქართველოს საელჩოს, საქართველოში არსებული საფრანგეთის საელჩოს, ფრანკოფონული ქართული ცენტრის და ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრის თანამშრომლობის მეშვეობით გააშუქოს სტუდენტური საქმიანობები და დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს საფრანგეთის სასწავლებლებში თავისუფლად ინტეგრაციაში.
სტუდენტური ასოციაცია ,,სორბონი-საქართველო''-ს მისამართი : ლიბერტეს ქუჩა №31, 93 200 სენ-დენი.

კავკასიური სახლი (ხელოვნების გალერეა და ტრადიციული სამზარეულო)

კავკასიური სახლი 2002 წელს პარიზის ერთ-ერთ უძველეს უბანში გაიხსნა და ქართული და კავკასიური ხელოვნების ნიმუშების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენისა და გავრცობას ემსახურება. კავკასიური სახლი ორი ნაწილისაგან შედგება: გალერეა, სადაც უნიკალური ნამუშევრებია გამოფენილი და ქართული რესტორანი, სადაც ტრადიციული ქართული კერძებია წარმოდგენილი. რესტორნის ერთ-ერთ კედელს მე-15-ე საუკუნის მოხევური კაბა ამშვენებს.
აქ რეგულარულად სხვადასხვა სახის ექსპოზიცია-გაყიდვები, პოლიფონიური სიმღერების კონცერტები, ქართულ ინტელიგენციასთან შეხვედრები იმართება.

2005 წლის 20 მაისს « ლეზ ანე ფოლის » (« les années folles ») პარიზულმა ფესტივალმა საწყისი სწორედ კავკასიური სახლიდან აიგო.
2004 წლის ოქტომბის თვეში მოეწყო ქართველი ფერმწერების, ბატონ გია გუგუშვილისა და ქალბატონ ქეთი მათაბელის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. მსგავსი ღონისძიებები გამონაკლისს არ წარმოადგენს და კანკასიურ სახლში ინტენსიურად იმართება.
კავკასიური სახლის (ხელოვნების გალერეა-ტრადიციული სამზარეულო)
მისამართი : კარდინალ ლემუენის ქუჩა №68, 75005 პარიზი

,,ქართული სახლი'' (რესტორანი პარიზში)
ქართული სახლი მდებარეობს პარიზში, სადაც ქართული ატმოსფერო სუფევს და ქართული პოლიფონიური სიმღერებისა და ფოლკლორული ცეკვების თანხლებით შეგვიძლია დავაგემოვნოთ ქართული სამზარეულო.
,,ქართული სახლის'' (რესტორანი პარიზში)
მისამართი : საბოტის ქუჩა №3, 75006 პარიზი

 ქართული რესტორანი ,,ფიროსმანი'' და რესტორანი ,,ჩემი პატარა საქართველო''

ეს ორი ქართული რესტორანი საფრანგეთში არის, სადაც, ასევე მყუდრო და სასიამოვნო გარემო სუფევს და ქართული დეკორაციებით გაწყობილ პატარა დარბაზებში შეგვიძლია გემრიელი ქართული კერძები მივირთვათ.
რესტორან ,,ჩემი პატარა საქართველოს'' მისამართი :
სენტ მალენის ქუჩა № 27, 35 000 რენი.
რესტორან ,, ფიროსმანის'' მისამართი :
ბუტებრის ქუჩა № 6, 75 005 პარიზი.

 საინფორმაციო რესურსები

საფრანგეთში საქართველოს შესახებ 4 ძირითადი საიტი არსებობს :
http://samchoblo.org (საიტი დაარსებულია ბატონი ოთარ პატარიძის მიერ) ;
http://colisee.org (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან სოლიდარობის კომიტეტის საიტი, რუბრიკას საქართველოს შესახებ  ბატონი მირიან მელუა ხელმძღვანელობს) ;
http://georgie-agf.eu (საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს საიტი, რომელიც ამჟამად განახლების პროცესშია);
http://harmoniegeorgienne.org (საფრანგეთში ხალხური პოლიფონიური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლ ,,ქართული ჰარმონიის'' საიტი).