ქართული დიასპორა

ქართული დიასპორის ზოგადი დახასიათება

უპირველეს ყოვლისა უნდა მოვახდინოთ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველთა კლასიფიკაცია გარკვეული პარამეტრების მიხედვით. აშკარად გამოკვეთილია შემდეგი სოციალური ჯგუფები:

1) არალეგალები ამჟამად დიდ ბრიტანეთში მცხოვრები არაოფიციალური 2007 წლის მონაცემებით 12 ათასამდე ქართველისაგან, ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენენ. არალეგალობის ორი საფუძველი არსებობს. პირველი გარკვეული კატეგორიის ადამიანები საქართველოდან ლეგალურად ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში და შემდგომ ვერ მოახერხეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ლეგალური სტატუსით დარჩენა, მეორე შემთხვევაა, როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველები ყალბი დოკუმენტებითა და საზღვრებზე ფარული გადმოსვლით აღმოჩნდნენ ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქებში. არალეგალები ყველაზე განდგომილი სოციალური ჯგუფია სათვისტომოსაგან, ვიანიდან ისინი ერიდებიან იდენტიფიკაციასა და ქართულ პროექტებში მონაწილეობას. არსებობს ქვეცნობიერი შიში, რომ შესაძლოა მოხდეს მათი ინფორმიება სათანადო სამსახურებში, რაც დეპორტაციის სავალალო შედეგს გამოიწვევს. მათი ძირითადი სამუშაო ელემენტარული ხასიათისაა: მშენებლობაზე მუშებად, შავ შრომით ბაზარზე დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ გარანტირებული უსაფრთხოობა, ოჯახში მომვლელები, სასტუმროს, რესტორნებისა და კაფეების მოსამსახურე პერსონალი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ისინი ქართულ იდენტურობასაც კი კარგავენ გარკვეულწილად, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სამუშაოს მოსაძებნად ისინი იძულებული ხდებიან გარკვეული საფასურის გადახდის გზით მოიპოვონ ყალბი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტები, ამ მხრივ ნიშანდობლივია ლიტვური და ბერძნული პასპორტები. ახლო მომავალში დიდ ბრიტანეთში სავალადებულო იქნება საიდენტიფიკაციო ბარათების ფლობა, რაც ქართველი არალეგალების ცხოვრებას ფრიად გაართულებს. არსებული ვითარება კიდევ უფრო აშორებს მათ საქართველოსთან, როგორც სამართლებრივი ისე სულიერი კუთხით, ვინაიდან მათი თავისუფალი ჩამოსვლა სამშობლოში შეუძლებელია და ეს იმ დროს, როცა მათ მიერ მძიმე შრომით მოპოვებული სახსრებით საქართველოში მრავალი ოჯახი სულდგმულობს. ასე რომ არალეგალების პრობლემა უმნიშვნელოვანესი პრობლემათაგანია საქართველოსთვის, ვინაიდან შეფერხებულია მათი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, რაც ხშირად თავად არალეგალებისათვის ექსპულატატორული სამუშაო პირობებით სრულდება.

2) მეორე მნიშვნელოვანი სოციალური ჯგუფია სტუდენტები, რომლებიც გაიგივებულია შრომით მიგრანტებთან, თუმცა მათი მუშაობაც დიდ ბრიტანეთში არალეგალურია. ვინაიდან ინგლისის კანონმდებლობის მიხედვით უცხოელ სტუდენტს ეკრძალება კვირაში 20 საათზე მეტი ხნით მუშაობა, გარდა არდადეგების პერიოდისა. ასეთ ვითარებაში ამ სტატუსის მატარებელი ქართველები იძულებულნი არიან სხვდასხვა გზებით კვირაში იმუშაონ 40 და მეტი საათი, რისი გამომჟღავნების შემთხვევაში მათთვისაც გარდაუვალია დეპორტაცია. ისინიც მსგავსად არალეგალებისა ყალბი დოკუმნეტების გამოყენებით ცდილობენ ამ შეზღუდვას თავი დააღწიონ. კერძოდ იძულებულნი არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების პასპორტებით იმუშაონ, ხოლო საქართველოს პასპორტი სამშობლოში თავისუფალი ჩამოსვლისთვის გამოიყენონ. თუმცა არსებობენ ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან სპონსორების მიერ საქართველოდან და არ საჭიროებენ ამგვარი გზებით სამუშაოს მოძიებას. სტუდენტები შეიძლება ითქვას ყველაზე აქტიური ჯგუფია დიდ ბრიტანეთში და ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ქართულ პროექტში. მათ მეტად უწევთ ურთიერთობა საქართველოსთან სამრთლებრივი კუთხით და ამიტომაც, უფრო ინფორმირებულნიც არიან მიმდინარე მოვლენების შესახებ.

3) პროფესიონალები შეიძლება ითქვას ყველაზე მცირე სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნება დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველებისა. ისინი ან დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობენ ადგილსამყოფელ ქვეყანაში და აქვთ მოპოვებული სამუშაო უფლება ან კიდევ ბრიტანეთის მოქალაქეები არიან და ოჯახებით ცხოვრობენ სხვადასხვა ქალაქებში. სათვისტომოს წარმართველი ძალა სწორედ ეს სოციალური ჯგუფია. ისინი პოტენციურად საქართველოში დაბრუნების ნაკლებად სავარაუდო კატეგორიას განეკუთვნებიან და ამიტომაც ცდილობენ ადგილებზე მეტი გააკეთონ საქართველოსთვის. შესაძლებელია მათი პროფესიონალზმის, გამოცდიელბისა და ექსპერტიზის სამომავლო გამოყენებაც იმ შემთხვევაში, თუკი საამისოდ შემუშავდება ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა.


4) ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის წინ ჩამოვიდნენ დიდი ბრიტანეთში, თავშესაფრის მაძიებლობიდან ბრიტანეთის მოქალაქეობამდე მიმავალი გზა განვლეს და დღეს ნაკლებ სიმპათიებს ავლენენ ქართული სათვისტომოს მიმართ. ამ კატეგორიაში ყველა როდია მოიაზრება, არამედ გარკვეული ნაწილი, რომელიც ცდილობს ქართული წარმომავლობის დავიწყებას და სრულყოფილ ასიმილაციასა და ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებასთან. მათთვის ქართველობის ცნება მხოლოდ სუფრასთან, ლხინსა და კულტურულ საღამოებთანაა ასოცირებული. ამგვარი კატეგორიის სოციალური ჯგუფი რიცხოვნობით არცთუ დიდია, თუმცა მათი არსებობის ფაქტიც საქართველოსათვის სამომავლოდ არცთუ სახარბიელოა. ისინი უმეტესწილად ამჯობინებენ შერეული ოჯახებს, ქორწინდებიან ადგილობრივებზე ან სხვა ევროპული ქვეყნის მოქალაქეებზე, ხოლო შვილებს ქართულად არ ესაუბრებიან, რასაც იმით ხსნიან, რომ ეს მათ სრულ და სწრაფ ინტეგრაციას უზრუნველყოფს. ანუ ამ კატეგორიის ინდივიდები არიან წარმოშობით ქართველები და ცდილობენ შეგნებით გახდნენ ბრიტანელები.


ეგრეთ წოდებული ემიგრაციის ,,შავი ლაქა" მასში შესაძლოა შედიოდნენ არალეგალები, სტუდენტები, თავშესაფრის მაძიებელი ქართველებიც. ისინი ცდილობენ იოლი გზებით, მაქინაციებით, სხვადასხვა საბანკო ოპერაციებით,ქურდობით, დანაშაულებრივი გზებით დარჩნენ და იცხოვრონ დიდ ბრიტანეთში. ამავე კატეგორიას განეკუთვნებიან ნარკომანებიც, რომელთათვისაც ავადმყოფური, ნარკოტიკული შიმშილის დაპურება სირთულეს არ წარმოადგენს. ამ ჯგუფის წევრები ძირითადად ცხვორობენ კომპაქტურად, არის ფაქტები, როცა ერთ სახლში ცხვორობს 15-20 ამგვარი მენტალიტეტის ადამიანი. ანუ ფაქტობრივად მათი ცხოვრება ასოცირებული არაა სათვისტომოს არანაირ საქმიანობასთან, მათ საკუთარი, დანაშაულებრივი სამყარო აქვთ და არ ერიდებიან თავად ქართველების დაშინებას, ფულის გამოძალვას, საცხოვრებელი ბინების გაქურდვას. აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფი ერთნაირად მიუღებელია ყველა სხვა დანარჩენი ჯგუფისთვის და მათთან კონტაქტს ერიდებიან. ამ ადამიანების საბოლოო წერტილი ადგილობრივი ციხეები ან საქართველოში დეპორტაციაა.

ქართველთა ძირითადი განსახლების ადგილები

არაოფიციალური მონაცემებით დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 10 დან 15 ათასამდე ქართველი ცხოვრობს. უმეტესწილად დასახლების მიხედვით აღსანიშნავია დედაქალაქი ლონდონი, სადაც ქართველი ემიგრანტების დიდი უმრავლესობა (დაახლოებით 10 ათასამდე) ცხოვრობს. თავად ლონდონში განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ჩვენი თანამამემამულეების თავმოყრა. კერძოდ ფინსბური პარკის, მაინორ ჰაუზის, არსენალის, ჰაკნის მიდამოებში. ძირითადად ქართველები ცხვორობენ ერთად, კერძოდ ერთ საცხოვრებელ ბინაზე დაახლოებით 3-4 ქართველი მოდის, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ნაკლებია საცხოვრებელი ბინის გადასახადი, ასევე სხვა კომუნალური მოსაკრებელიც.

განსახლების მიხედვით მნიშვნელოვანია ასევე ინგლისის სამხრეთში, ზღვისპირა ქალაქ ბორმათში მცხოვრები ქართველები. ასევე სამრეწველო ქალაქ ბირმინგენში, ლივერპულში, მანჩესტერში, რედინგში, ქოვენთრიში, გლაზგოსა და კარდიფში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ფაქტობრივად ირლანდიაში არსებული ქართული დიასპორების უმრავლესობა თავის დროზე ინგლისის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ და განიცადეს მეორადი მიგრაცია, რაც განპირობებული იყო ირლანდიაში უკეთესი სამუშაო პირობების ძიების მიზნით.

 ქართული დიასპორის ორგანიზაციები/საინფორმაციო რესურსები

1. ქართული სათვისტომო
დიდ ბრიტანეთში ქართული სათვისტომოს ჩამოყალიბება XX საუკუნის 90 იან წლებში საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომაროებას უკავშირდება. საბჭოთა კავშირის დაშლამ, მასობრივმა უმუშევრობამ ათასობით ქართველი გაუყენა ემიგრაციის სუსხიან გაზას. გამონაკლისი ამ მხრივ არც დიდი ბრიტანეთი ყოფილა. ძირითადად ქართველების კონცენტრაციის ადგილი დედაქალაქი ლონდონი იყო, სადაც მეტი შესაძლებლობები არსებობდა სწრაფი ადაპტაციისა და სოციალური ინტეგრაციისათვის. ფაქტობრივად ქართველების მასიური ჩამოსვლა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ინგლისში 2000 წლის შემდგომ დაიწყო. მანამდე გვხვდებოდა მცირე ქართული გაერთიანებები, თუმცა ინსტიტუციალურად დახვეწილი ორგანიზაცია არ არსებობდა. უპირველესი ჩანასახი იყო წმინდა გიორგის საზოგადოება, რომელსაც მხოლოდ კულტურული დანიშნულება გააჩნდა და ძირითადად რამდენიმე ქართველს აერთიანებდა. მხოლოდ 2005 წლის 15 ივნისს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურად დაფუძნდა ქართული სათვისტომო. ევროპული ინტეგრაციისა და გლობალიზაციისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიმავალი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის ეს დღე მართლაც რომ მნიშვნელოვანი იყო. ამჟამად სათვისტომოს თავჯდომარეა ქალბატონ ირინე სარაჯიშვილი.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართულმა სათვისტომომ მისი მოღვაწეობის სამწლიან ისტორიაში მრავალი საინტერესო პროექტი განახორციელა, განსაკუთრებით კულტურული და სამეცნიერო ხასიათისა. (ქართველ მხატვართა გამოფენები, საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური ექსპონატების გამოფენები, ქართული ღვინის საღამო ვინო-პალასში, ქართული ფილმების კვირეული, რომელიც დიდ ბრიტანეთში არსებულ ქართულ-ბრიტანული ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა). განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენიბის ფონზე დიდ ბრიტანეთში ქართველთა სათვისტომოს მიერ მოწყობილი საპროტესტო გამოსვლები და დანარჩენ დიასპორებთან კოორდინაციის ეფექტური მექანიზმების შემუშავება. 10 დღის განმავლობაში არ წყდებოდა აქციები რუსეთის სალეჩოს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტელეკომპანია BCC-ს წინ. საორგანიზაციო კომიტეტში აქტიურად იყვნენ ჩართულები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ქართველები, რაც ერთადერთი და პირველი შემთხვევა გახლდათ სათვისტომოს სამწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში. პოლიტიკური დანიშნულების მქონე სათვისტომომ დიდი როლი შეასრულა საინფორმაციო ომის წარმოებაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ჭეშმარიტება, რომ ერთიანობა მხოლოდ შესაძლებელია გარკვეული, ცლასახად ჩამოყალიბებული იდეის გარშემო. დღეს უკვე როცა მინელებულია ქართულ-რუსული კონფლიქტი, ეს მთლიანობა თითქოსდა გაქრა და თავის ძველ რეჟიმს დაუბრუნდა. როცა სათვისტომოში გაერთიანებული რამდენიმე ათეული ადამიანი ეგრეტ წოდებული ,,ელიტარული დიასპორის" სტატუსის ქვეშ მოექცა. სანამ დიდ ბრიტანეთში არსებულ სხვა ქართულ გაერთიანებებსა და პროექტებზე გადავიდოდეთ აუცილებელია განვსაზღვროთ ამ სახელმწიფოში მცხოვრები ქართული სოციალური ემიგრაციის ფენომენის თავისებურებანი, გამოვკვეთოთ ის ძირითადი მახასიათებლები, რაც შეუძლებელს ქმნის მთლიანი, მონოლითური ქართული სათვისტომოს არსებობის იდეას.

 

2. ბრიტანულ-ქართული ასოციაცია

ბრიტანულ ქართული ასოციაცია დაარსდა 2004 წლის ივნისში ქალაქ ლონდონში და არის კულტურულ-სამართლებრივი მემკვიდრე ჯერ კიდევ 1920 წელს ოლივერ ვორდროპის მიერ ქ. თბილისში დაფუძნებული ორგანიზაციისა. ორგანიზაციის თაოსნობით დიდ ბრიტანეთში იმართება საქართველოს საკითხებთან დაკავშირებული სხვდასხვა ხასიათის კულტურული თუ სამეცნიერო ღონისძიებები. ის აწყობს სემინარებს, საქმიან შეხვედრებს, ვახშამს წევრებისათვის, საქველომქედო აციებს, სადაც ხდება თანხების აკუმულირება და მათი შემდგომი გამოყენება საქართველოში სხვადასხვა ჰუმანიტარული მისიის განსახორციელებლად.

 

3. ოქსფორდის ქართული საზოგადოება

ოქსფორდის ქართული საზოგადოება დღევანდელი სახე ოფიციალურად სათავეს იღებს 2010 წლის 8 მარტიდან. საზოგადოება ეხმარება ოქსფორდში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთთან დაახლოებაში, მართავს სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით-გასართობ საღამოებს, ხელს უწყობს ქართული კულტურის წარმოჩენას ოქსფორდში და ცდილობს გვერდში დაუდგეს საქართველოთი დაინტერესებულ ყველა უცხოელ სტუდენტს ქართული კულტურისა და ტრადიციების უკეთ გაცნობაში. სტუდენტთა გუნდი მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს და ბრიტანეთს შორის კავშირების გამყარებასა და განმტკიცებას.

ოქსფორდის ქართული საზოგადოების ოფიციალური ვებ-გვერდია

www.georgianoxford.org

 

4. ჟურნალი ,,თანამემამულე"

ჟურნალი ,,თანამემამულე" 2003 წელს გერმანიაში დაარსდა და შემდგომ 2005 წელს ლონდონში უფრო განვითარდა და გაფართოვდა. მისი გამომცემელი და მთავარი რედაქტორია ზაზა მესხი, რომელიც ყოველგვარი დაფინანსებისა თუ შემოწირულობების გარეშე უანგაროდ განაგრძობს დიდ ბრიტანეთში ერთადერთი ქართული ჟურნალის გამოცემას. თანდათანობით ეს გამოცემა სულ უფრო პოპულარული ხდება არა მარტო ინგლისში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში გაფანტულ ქართველ ემიგრანტთა შორის.

ჟურნალს 20 ქვეყანაში ჰყავს საკუთარი კორესპონდენტები, რომლებიც ასევე ნებაყოფლობით, ანაზღაურების გარეშე აწვდიან მასალებს. წელწადში გამოდის 7 დან 8 ნომრამდე, 32 გვერდად და იგი მოიცავს სხვადასხვა საინტერესო რუბრიკას. მათ შორსაა: აქტუალური საკითხები, რომლებშიც ემიგრაციაში მყოფი სხვადასხვა ქართველი ექსპერტი მიმოიხილვას საქართველოს საგარეო პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოვლენებს; საქართველოს მეგობრები, სადაც მკითხველი ეცნობა საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამსახურების მქონე უცხოელებს, რელიგიური გვერდი, რომელიც აშუქებს მართლმადიდებლური რელიგიის საინტერესო პასაჟებს; ისტორიის გვერდი მიმოიხილავს საქართველოს წარსულიდან მნიშვნელოვან მოვლენებს, საბავშვო გვერდში პატარები ეცნობიან სახალისო ისტორიებს, ქართულ ზღაპრებსა და ლექსებს; გარდა ზემოაღნიშნული რუბრიკებისა ,,თანამემამულე" უშურველად უღებს კარს ყველა ემიგრანტს და მათ მიერ განცდილ-გადატანილი ისტორიები პატიოსნად მიაქვს მკითხველამდე, ჟურნალი უარს ამბობს ყოველგვარ ქილიკსა და ჩასაფრების პოლიტიკაზე და მაღალი აკადემიური ხასიათისაა

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჟურნალი ენთუიაზმის პრინციპზე ფუნქციონირებს და გარკვეული ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად გადაქცევა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჟურნალის რედაქტორი აპირებს ჟურნალი ინგლისურენოვანიც გახადოს. ამჟამად 1000 დან 1500 მდე ტირაჟით გამოიცემა ჟურნალი, თუმცა მის მიმართ ინტერესი უფრო დიდია, მაგრამ ფინანსური პრობლემები გამოცემის გაფართოების საშუალებას არ იძლევა. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის აკადემიური, დახვეწილი და საინტერესო გამოცემების მიმართ უფრო ქმედითი უნდა გახდეს სახელმწიფოს დახმარება, ვინაიდან აგვისტოს მოვლენებმა დაადასტურა, რომ ძლიერი საინფორმაციო პროქართული საშუალებების ფუნქციონირება უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში გადაუდებელი აუცილებლობაა.

ენა, კულტურა, რელიგია

1. ქართული საკვირაო სკოლა ლონდონში

2002 წელს მუშა ჯგუფის ინიცატივით დაარსდა გაერთიანებულ სამეფოში პირველი ქართული საკვირაო სკოლა, რომლის ხელმძღვანელი დღემდე ქალბატონი ლიანა გოგრიჭიანი-ჯიქიაა. სკოლის ძირითადი სასწავლო პროგრამაა: ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიასთან ერთად შერწყმული, ინგლისური სახელმწიფო პროგრამა, კოლეჯისა და უნივერსიტეტის დახმარების პროგრამები. სწავლიების პროგრამები წინასწარ იგეგმება მარტში, ივლისში მოსწავლეთა ინდივიდუალური გამოკითხვსი შედეგად მტკიცდება სამომავლო სწავლების პროექტებიც. სკოლაში ყოველწლიურად რეგისტრირდება 100-120 მოსწავლემდე. ისინი ძირითად ცხოვრობენ ლონდლონში, ან ახლომდებარე ქალაქებში (როგორებიცაა ვარვიკი, კემბრიჯი, ოქსფორდი და სხვა.) 80% დასწრება აქვს დაახლოებით 25-დან 39-მდე მოსწავლეს.
სკოლას ასევე გააჩნია ბაღი 2დან 5 წლამდე აღსაზრდელებისათვის, ისევე როგორც კლასები 5-8 წლის, 8-11 წლისა, 11-13 წლისა, 13-15 წლისა , 16 და უფრო მეტი ასაკის მოსწავლეთათვის, ისევე როგორც სტუდენტებისათვის 21 წლამდე. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს ცეკვისა და მუსიკის წრე. სკოლასთან არსებობს იურიდიული კონსულტაციების ფასიანი მომსახურების ბიურო, რომელიც კომპეტენტურია საემიგრაციო სამართლებრივ საკითხებში. სკოლა ყოველწლიურად ატარებს სამ დიდ ღონისძიებას:

1. ქართული რთველი (რთველის იმიტაციით ნამდვილი ღვინის დაწურვითა და ჩურჩხელების ამოვლებით, დიდი ნადიმითა და კონცერტით). ღონისძიება ტრადიციულად ოქტომბრის თვის ბოლო შაბათს იმართება.

2. შობა-ახალი წლის მუსიკალური საღამო (აღინიშნება დეკემბრის მეორე შაბათს). წარმოდგენები ძირითადად ქართულ მითებზე, ლეგენდებსა და ისტორიულ ფაქტებზეა დაფუძნებული.

4. სკოლის ანგარიშგება (მიღწეული გამარჯვებების საზეიმო აღნიშვნა, ტრადიციულად იმართება ივლისის თვეში მეორე შაბათს). ღონისძიებებს სისტემატურად ესწრება 150დან 250 მდე მაყურებელი.
მოღვაწეობის მცირე პერიოდის განმავლობაში სკოლამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

2. კავკასიური ხელოვნების ასოციაცია

გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ქალბატონ ქეთი კალანდაძის ინიცაიტვით დაფუძნდა ორგანიზაცია ,,კავკასიური ხელოვნება", რომლის ძირითადი მიზანია ქართული და საერთო კავკასიური კულტურის პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში. ამ მხრივ აღსანიშნავია მათ მიერ ორგანიზებული საინტერესო კულტურული ღონისძიებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ახლაგაზრდაა, საკმაოდ აქტიურია. მათ უკვე მოაწყვეს მრავალი გამოფენა, კულტურული დღეების ორგანიზება ბრიტანეთის მასშტაბით. ქართული ენის შესახებ ლექციების ჩატარება კემბრიჯში, ოქსფორდში.

2010 წლის 8 თებერვალს ორგანიზაცია კავკასიის ხელოვნება შეიცვალა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა თანადგომის საქველმოქმედო ჯგუფით. წელს უნდა მოხდეს მისი საქველმოქმედო ორგანიზაციად გადაფორმება. კომიტეტის შემედგენლობაში არიან ქეთი კალანდაძე, მარინე თიგიშვილი, თამრიკო ლორთქიფანიძე, ხათუნა ჭელიძე, ქეთი ჯაფარიძე, ხათუნა შავგულიძე, ნატალია გრიგალაშვილი და მაია იაშვილი.

3. ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი ,,მასპინძელი"

,,მასპინძელი" არის ბრიტანული ქართული სიმღერების გუნდი, რომელიც 1999 წელს ჩამოყალიბდა და ამ იდეის ინიციატორი იყო ქართული ფოლკლორული სიმღერებით დაინტერესებული ბატონი ჩადვიკი, რომლის ქართველი მასწავლებლის ედიშერ გარაკანიძის ტრაგიკულმა სიკვდილმა მას მისცა შთაგონება შეექმნა ,,მასპინძელი" და ამ მიმართულებით ქართული ხალხური სიმღერების მოტრფიალე სხვა თანამოაზრეების შემოკრება დაეწყო. 2000 წელს გუნდის მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა ვენის მანლი, რომელიც დიდი მონდომებით ეუფლებოდა ქართული სიმღერის საიდუმლოს ქართველი მასწავლებლებისაგან. ვენისის გარდაცვალების შემდგომ გუნდს ჰყავს ორი მუსიკალური ხელმძღვანელი შალი დევისი და გეფ ბარტონი. დაარსების დღიდან ,,მასპინძელი" იხვეწებოდა. აღსანიშნავია ამ გუნდის ენთუზიაზმი და სურვილი მოახდინოს ქართული კულტურის პოლულარიზაცია დიდი ბრიტანეთში. ,,მასპინძელი" მართავს საქველმოქმედო კოცერტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე რამდენიმე თვის წინ მათ მოაწყვეს ქართულ ხელნაწერთა გამოფენა. თავის დროზე მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბებამდე ისინი ასრულებდნენ ამ შესანიშნავ მისიას ქართული წირვების ჩატარებისას, ასევე უანგაროდ გამოდიოდნენ სხვადასხვა ქართულ ღონისძიებებზე.


4. წმინდა გიორგის მართლმადიდებლური სამრევლო

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოში ქართველები წლების მანძილზე სალოცავად და რელიგიური აღმსარებლობისათვის ძირითადად რუსულ, ასევე ბერძნულ და სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს მიმართავდნენ. ლონდონის ცენტრალურ უბან ,,night bridge"-ზე არსებული რუსული მართლმადიდებლურ ეკლესიაში კვირაობით 150-დან 200 ქართველამდე ესწრებოდა წირვას, დროთა განმავლობაში დღის წესრიგში დადგა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის იდეა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ქალბატონი ქეთი კალანდაძე.
ამჟამად დიდ ბრიტანეთში საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განწესებულია მამა გრიგოლი.

ყურადსაღებია ის ფაქტორიც, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის იდეა ჯერჯერობით კონკრეტულ მოქმედებებში ვერ აისახა. ამ საკითხთან მიმართებაში ქართული დიასპორის წარმომადგენელთა შორის აზრები გაყოფილია და მიმდინარეობს დიდი პოლემიკა იმის შესახებ, თუ რა ფორმით, ვისი მონაწილეობითა და მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს ეს მართლაც საშვილიშვილო ქართული პროექტი ალბიონის მიწაზე.

არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გაფანტული ქართველი ემიგრანტების გაერთიანების, გაძლიერებისა და მონოლითურობის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ, რომ ეკლესიის, სულიერი მოძღვრის ირგვლივ ურთიერთშეკავშირებას, რასაც საბოლოოდ ქართული დიასპორების მეტი აქტიურობა, საქართველოსადმი სულიერ-ფიზიკური კავშირების გაღრმავება მოჰყვება.

ქართველთა სხვა კერები

დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ქ. ლონდონში ფუნქციონირებს სამი ქართული რესტორანი, რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩრდილოეთ ლონდონში, ჰოლოვეი როუდზე მდებარე რესტორანი ,,თბილისი", რომელიც 15 წელია წარმატებულად მუშაობს და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას ეწევა ინგლისში. 2004 წელს ჩატარებული გამოკითხვების შედეგად იგი ერთ-ერთ ეგზოტიკურ რესტორნად იქნა აღიარებული. ,,თბილისში" ქართველები მართავენ წვეულებებს, შაბათ საღამოს იქ შესვლა, მხოლოდ წონასწარი დაჯავშნის გზითაა მოსახერხებელი აუარებელი კლიენტურის გამო.

ქ. ლონდონში ასევე გახსნილია ფულადი გზავნილების შეღავათიანი ბიურო, რომელიც შეუფერხებლად, დაბალი საპროცენტო განაკვეთებით ემსახურება ქართველბს.
ქ. ლონდონში ასევე არსებობს ფუძალის (მინი ბეხბურთის) საფეხბურთო, ქართული გუნდი ,,დინამო თბილისი", რომელიც პრემიერლიგაში ასპარეზობს და მიუხედვად ერთწლიანი ისტორიისა გათამაშების ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გუნდა ოფიციალური სპონსორი არ ჰყავს და ტურნირში მონაწილეობა თვითდაფინანსების ხარჯზე წარმოებს. ,,დინამოში" გაერთიანებულია დაახლოებით 20 ქართველი ახალგაზრდა, რომელიც სამუშაოს გვერდით კვიარაობით მონაწილეობს შეჯიბრებაში. მომავალი წლიდან ამ ბაზაზე ასევე იგეგმება ,,სანდეი ლიგის" კლუბის შექმნა და მასში მონაწილეობა.
ქ. ლონდონში ასევე არსებობს უძრავი ქონებისა და ტურისტული სააგენტო, რომელშიც ქართველები არიან დასაქმებული და იგი ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემოდინებას, უძრავი ქონებაში უცხოელთა კაპიტალის დაბანდებას უწყობს ხელს.

 

პერსონალია

ქეთი მელუა
დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი პერსონალიებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მსოფლიო დონის, ცნობილი მომღერალი ქეთი მეულია, რომელიც დაიბადა 1984 წელს ქ. ქუთაისში. რვა წლის ასაკში ქეთი მშობლებთან ერთად გადასახლდა ქ. ბელფასტში, სადაც მამამისმა მუშაობა დაიწყო გულის ქირურგად. 13 წლის ქეთის ჰქონდა ამბიცია გამხდარიყო პოლიტიკოსი ან ისტორიკოსი. ,,მე მართლაც მჯეროდა, რომ მსოფლიოში საყოველთაო სიმშვიდის დამკვიდრებას შევძლებდი. მსოფლიოს მართვა, რომ მომეხერხებინა". 18 წლის ასაკში ქეთი მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ქ.ლონდონში სამხრეთ-აღმოსავლეთში გადასახლდა და ბრიტანეთის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა და იგი 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა. სწორედ აქ შეხვდა იგი ცნობილ პროდიუსერ ბეტის, რომელმაც ხელი შეუწყო მისი პირველი ალბომის ,,ძიების ძახილის‘‘ გამოცემას, რამაც საფუძველი დაუდო მომღერლის თავბრუდამხვევ კარიერას. ამ ალბომში შემავალი მისი უბრწყინვალესი სიმღერა ,,უახლესი რამ შეშლილობასთან" მალე ბრიტანულ ჩარტებში პირველ ადგილზე აღმოჩნდა და 4 კვირის მანძილზე მოწინავე პოზიცია შეინარჩუნა. ქეთი მელუამ სოლო შემსრულებელი ქალის ყველა დროის რეკორდი მოხსნა მომდევნო ორ წელიწადში გაყიდული ალბომების რაოდენობით. დღემდე მისი სიმღერების 9 მილიონამდე კომპაქტ დისკი გაიყიდა. 2005 წელს ქეთი ოჯახის წევრებთან ერთად ბრიტანეთის
მოქალაქე გახდა.
ქეთისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო გასული უახლესი წლები. მისი სახელი დაარქვეს ჰოლანდიურ ტიტას, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მას არნახული გასტროლები ჰქონდა. იგი ასევე აღიარებულია, როგორც შრომისმოყვარე კეთილი ნების ელჩად ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში. მან მოიპოვა მრავალი მუსიკალური ჯილდო. სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელას მიწვევით იმღერა საქველმოქმედო კონცერტზე.
2007 წელს ახალმა ალბომმა ,,სურათები" ქეთი მელუას უდიდესი საერთაშორისო აღიარება მოუტანა და თაყვანისმცემელთა ლეგიონები შემატა.
მისი ბრწყინვალე კარიერა დღესაც წარმატებით გრძლედება და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ იგი არასდროს ივიწყებს ქართველობას და ყველა ინტერვიუში სიამაყით აცხადებს, რომ ულამაზესი, ექსტრავაგანტური ქვეყნის-საქართველოს შვილია.
დიასპორასთან მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები
დიდი ბრიტანეთის ქართულ დიასპორასთან მუშაობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისას აუცილებელი ვიცოდეთ ის პრობლემები, რომლებიც მისთვის არის დამახასიათებელი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ სერიოზულ წინააღმდეგობა წარმოადგენს ერთიანობის არარსებობა უშუალოდ ქართულ სათვისტომოში და მის მუშაობაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების პასიური მონაწილეობა. ამ დილემის გადასაჭრელად ერთობლივად იქნება მოფიქრებული სქემა, რომელიც ითვალისწინებს ქართული სათვისტომოს გვერდით დანიშვნითი, სათათბირო-სარეკომენდაციო ორგანოს - დარბაზის შექმნას. აღნიშნულის განხორციელება უფრო მონოლითურს გახდის ქართულ დიასპორას, ვინაიდან მის შემდაგნელობაში შევლენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც სარგებლობენ ავტორიტეტით თავიანთ სწორებში და შეუძლიათ შუამავლისა და შემაკავშირებლის ფუნქციის შესრულება.
ასევე აუცილებელია მოხდეს მეტი კოორდინაცია, თანამშრომლობა ქართულ სათვისტომოსა და წმინდა გიორგის მართლმადიდებლურ ქართულ მრევლს შორის, ვინაიდან ეკლესიისა და სულიერი მოძღვრის ირგვლივ შკავშირებული დიასპორა არის ნამდვილი ფორმა, რომელსაც საქართველოსათვის დიდი წარმატების მოტანა შეუძლია. ამასთანავე გადაუდებელი ხასიათის მოქმედებაა ჩასატარებელი, რათა ქართულ სათვისტომოს ქ. ლონდონში გააჩნდეს საკუთარი ოფისი. ეს ბუნებრივია დააჩქარებს ქართველების გაერთიანების პროცესს, ვინაიდან არალეგალები და სხვა კატეგორიის ადამიანები უარს ამბობენ ასოცირებულნი იყვნენ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც თავის სხდომებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში მართავენ.  უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ უცხოეთში ქართველთა კომპაქტურად განსახლების ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში უპრიანი იქნებოდა საქართველოს საელჩოებში არსებობდეს თანამშრომელი, რომელსაც სწორედ რომ დიასპორებთან ურთიერთობის საკითხთა კურირება დაევალება. დიდი ბრიტანეთის მაგალითზე დასტურდება, რომ სახელმწიფოს მხირდან ქართულ დიასპორებზე მეტი ზრუნვის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია მათი ინსტიტუციონალური გაძლიერება და ეს იმ დროს, როცა აგვისტოს მოვლენებმა ცხადყო, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიასპორებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხასიათიც მიენიჭათ.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომო უფრო მეტად ქ.ლონდონშია წარმოდგენილი, მაშინ როცა ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც ქართველთა არცთუ მცირე წარმომადგენლობაა, მაგრამ მათ არანაირი ორგანიზაცია არა აქვთ დაფუძნებული. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარბლად აუცილებელია პერიფირიებშიც მცირე ზომის ორგანიზაციების შექმნა და მათი ქ. ლონდონში არსებულ სათვისტომოსთან კოორდინებული მოქმედებები.


ვფიქრობ, რომ ზემოაღნიშნული მიმართულებების წარმატებული განხორციელება დიდი ბრიტანეთის ქართულ დიასპორას შეაკავშირებს, გააძლიერებს და განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს, რაც საბოლოო ჯამში დემოკრატიზაციის გზაზე მყოფ ქართული სახელმწიფოსათვისაც მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება და საერთაშორისო ურთიერთობების წარმატებულ განხორციელებას ხელს შეუწყობს.