ქართული დიასპორა

ქართველთა განსახლება

დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ერთ-ერთი დიდი ჯგუფი დაახლოებით ოთხი საუკუნეა, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისპაჰანის ოსთანში, ფერეიდანში (ფერეიდუნ- შაჰრი) ბინადრობს.

ქართველთა მასობრივი იძულებითი გადასახლება ირანში სეფიანთა დინასტიის ზეობის დროს დაიწყო. შაჰ-თამაზ I ოთხჯერ დაესხა თავს საქართველოს (1541-1554 წ.წ.) და სპარსელი ისტორიკოსის - ჰასან რუმლუს - ცნობით მარტო ერთი ლაშქრობისას ოცდაათი ათასი ქართველი ტყვედ წაიყვანა ირანში.

შაჰ-აბას I-ის დროს (1587-1629 წ.წ.) ირანელთა მიერ განხორციელებული ლაშქრობების შედეგად გაცილებით მეტი რაოდენობის ქართველს მოუწია იძულებით ირანში გადასახლება. ისკანდერ მუნში აღწერს, რომ 1616 წელს შაჰმა მხოლოდ კახეთიდან ასოცდაათი ათასი ადამიანი აჰყარა, ხოლო შემდეგ ქართლიდანაც დიდძალი ტყვე გაუყენა ირანის გზას. დატყვევებული ქართველები ირანის სხვადასხვა რაიონებში: ხორასანში, კასპიისზღვისპირეთში, ირანის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებში ჩაასახლეს.

ქართველთა მასობრივი გადასახლებით შაჰ-აბასი რამდენიმე ძირითად მიზანს მისდევდა:
1. ყოველმხრივ ასუსტებდა ურჩ ქართლ-კახეთს;
2. ახალი ქართული დასახლებებით იცავდა საკუთარ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებს, მათ შორის - ისპაჰანს _ მომთაბარე ტომების, ბახტიარების, ლურების, ქურთების გამუდმებული თავდასხმებისაგან;
3. ქართველთა მეშვეობით ირანში ნერგავდა ინტენსიურ მეურნეობას;
4. მამაცი ქართველი მეომრებით აძლიერებდა საკუთარ ლაშქარს.

ქართულ და ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ მხოლოდ სეფიანთა ზეობისას საქართველოდან ირანში 200 ათასზე მეტი ქართველი გადაასახლეს, მოგვიანებით, ყაჯარების დროს კიდევ 50 ათასამდე.

სადღეისოდ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ქართველები ირანში მხოლოდ ფერეიდანში, (ისპაჰანის დასავლეთით 170 კმ), დარჩნენ.

ქართული სოფლებია: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, ჩუღურეთი, რუისპირი, ვაშლოვანი, და სხვა.

ირანის სხვა რეგიონებში ქართველთა ბინადრობის შესახებ თანამედროვე ირანის ტოპონიმიკა მიუთითებს. მაგ: `გორჯი-სარა~(ქართველთა სასახლე), `გორჯი-მაჰალე~ (ქართველთა უბანი), `გორჯი-ყალა~ (ქართველთა ციხე) მაზანდარანში, `გორჯი~ და `გორჯანი~ ხორასანში, `დეჰ-გორჯი~ (ქართული სოფელი) ირანის აზერბაიჯანში, `გორჯაი~ ქურთისტანში და ა.შ.

სადღეისოდ ფერეიდანში კომპაქტურად მოსახლე ქართველთა რაოდენობა, სხვადასხვა წყაროების მიხედვით 30-35 ათასის ფარგლებში უნდა იყოს. `ირნა~ (ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფ.სააგენტო) წერს (09.07.2004), რომ `ქართული წარმოშობის დაახლოებით 20 ათასი ადამიანი 400 წელზე მეტი ხნის წინ გადმოსახლდა ამ რეგიონში, ისპაჰანის სამხრეთ-დასავლეთით 180-კმ.ზე.
ზოგიერთი სტატისტიკური გაანგარიშებით, ამჟამად ისპაჰანის პროვინციაში ცხოვრობს დაახლოებით 60 ათასი ქართველი~. მიგრაციული პროცესების გამო XX ს-ის მეორე ნახევარში ფერეიდნელ ქართველთა ნაწილი დიდ ქალაქებში თეირანში, ისპაჰანში აღმოჩნდა, რის გამოც მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ძნელია. ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ფერეიდნელთა რიცხვი ირანში 60 ათასს აღწევს.

პირველ ხანებში ქართველები ინარჩუნებდნენ რჯულს და ზნე-ჩვეულებებს, მაგრამ შემდეგ მათ იძულებით შეუცვალეს სარწმუნოება, რამაც გარკვეულად მათი ეთნოგრაფიული ყოფაც შეცვალა. დღეს ფერეიდნელი ქართველები ისლამური ირანის შიიტური თემის ნაწილს შეადგენენ და გამოირჩევიან რელიგიური წესების ზედმიწევნითი აღსრულებით.

გარდა იძულებით გადასახლებულებისა, ირანის კარზე მოღვაწეობდნენ საქართველოდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გადახვეწილი წარჩინებული ქართველებიც.

ირანში დასახლებულმა ქართველებმა მაშინვე დაიკავეს ღირსეული ადგილი სეფიანთა კარზე. ქართული წარმოშობის არაერთმა პოლიტიკურმა თუ სამხედრო მოღვაწემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ირანის ისტორიაში, მის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. (ალავერდი-ხან და იმამყული-ხან უნდილაძეები და სხვ.)

ფერეიდნელ ქართველთა მიერ უცხოენოვან გარემოში 400 წლის მანძილზე მშობლიური ენის შენარჩუნებას მსოფლიოში ალბათ ანალოგი არ მოეძებნება. ფერეიდნულმა კილომ მრავალი ძველი სიტყვა და გამოთქმა შეინარჩუნა, რომელიც დღევანდელ ქართულ ენაში აღარ მოიძებნება.

ფერეიდნელთა მეტყველების მეცნიერული შესწავლა XX ს-ის ოციან წლებში დაიწყო (ა.ჩიქობავა, ვ.თოფურია). ამჟამად შესაძლებელია ფართო ლინგვისტური კვლევების წარმოებაც (თ.უთურგაიძე, დ.ჩხუბიანაშვილი). მიმდინარეობს ფერეიდნელ ქართველთა ეთნოგრაფიის შესწავლაც (ო.მიმინოშვილი, ნ.ბართაია, მ.როსტომაშვილი).

1970-იანი წლების დასაწყისში ფერეიდნელთა რამოდენიმე ათეული ოჯახი საქარტველოში, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში, საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალური ვითარების გამო, ზოგი მათგანი ირანში დაბრუნდა.

ფერეიდნული თემატიკით დაინტერესებული მკითხველისათვის საკმაო რაოდენობის სამეცნიერო და პოპულარული ლიტერატურ არსებობს ქართულ (ბ.ჯავახია, გ.ჭიპაშვილი, ზ. შარაშენიძე, ჯ.გიუნაშვილი, მ.თოდუა) და სპარსულ ენებზე, რომელთა შორის უნდა გამოიყოს უკანასკნელ წლებში ფერეიდნელი ქართველების მიერ დაწერილი და ირანში გამოცემული მნიშვნელოვანი ნაშრომები - `ირანელი ქართველები~ (მალექ მოჰამად რაჰიმი) და `ქართველთა ადგილი ირანის ისტორიასა კულტურასა და ცივილიზაციაში~ (საიდ მულიანი), რომელთა ქართული თარგმნა სასიკეთოდ წაადგებოდა ქართულ-ირანულ ურთიერთობებს.

2008 წელს დიასპორას საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოსცა საიდ მულიანის მიერ შედგენილი `დედა-ენა~ სპარსულენოვანთათვის.