ქართული დიასპორა

ქართველთა განსახლება

უკანასკნელ ათწლეულში განხორციელებულ ემიგრაციას უფრო მეტად სოციალური ხასიათი ჰქონდა, რასაც საფუძვლად ედო საქართველოში პოლიტიკური კრიზისით, ეთნოკონფლიქტებითა და გარდამავალი ეტაპით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. ამ მიზეზების გამო, საქართველოს მოსახლეობის არც თუ ისე პარატარა ნაწილი წავიდა საბერძნეთში. ოფიციალური მონაცემებით ამჟამად საბერძნეთში 150 000 ხოლო დაუზუსტებელი ინფორმაციით კი 300 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. ძირითადად ისინი სოციალური (შრომითი) მიგრანტები არიან. მათი უმრავლესობა ქ. ათენსა და ქ.თესალონიკში ცხოვრობს. აგრეთვე, ბევრი ქართველია ქ.ნავპლიოსა და კუნძულ კრეტაზე. მათი უმეტესობა ქალები არიან.

ბევრი ჩვენი თანამემამულე არალეგალურად იმყოფება საბერძნეთში და საბუთების უქონლობის გამო ბევრი პრობლემა ექმნებათ. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოდან საბერძნეთში 100 000-მდე ეთნიკური ბერძენი გადავიდა საცხოვრებლად. თითქმის ყველა უკვე საბერძნეთის მოქალაქეა.

საბერძნეთის ქართული დიასპორის ორგანიზაციები

სათვისტომო "ახალი საქართველო"
Σωματείο «Η Νέα Γεωργία»

2007 წელს ქ. თესალონიკში მუდმივად და დროებით მცხოვრებ პირთა მიერ (წარმოშობით საქართველოდან) სათვისტომო "ახალი საქართველო" დაარსდა. სათვისტომოს მიზანია საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, მათი საზოგადოებრივი, კულტურული და საგანმანათლებლო ინტერესების დაცვა საბერძნეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. აგრეთვე, ქართული ენის, ადათ-წესების, ტრადიციების დაცვა-შესწავლა და ზოგადად ეროვნული კულტურის განვითარება.

ამავე მიზნით დაარსდა საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია. მსურველს, აგრეთვე, შეუძლია შეისწავლოს ბერძნული და ინგლისური ენები.
ორგანიზაციაში ისწავლება ქართული ცეკვები, ჩამოყალიბდა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, რომელიც მონაწილეობას იღებს ქ. თესალონიკის სხვადასხვა ღონისძიებებში.

სათვისტომო "ახალი საქართველო" - ს თავმჯდომარეა ქალბატონი ეკა ზურაშვილი. ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 200-ზე მეტი ქართველი.

თესალონიკის ქართული საზოგადოება "საქართველო"
Σύλλογος Γεωργιανών «Γεωργία»

ქართული სპორტულ-კულტურული საზოგადოება ჩამოყალიბდა 2003 წელს და მოქმედებს 2004 წლის დასაწყისიდან.ძირითადი მიზანია ქართველი ახალგაზრდების წარმოჩენა სპორტში და ხელოვნებაში.საზოგადოებაში ფუნქციონირებს ქართული სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია. არსებობს ქართული ცეკვის ანსამბლი. ორგანიზაცია გამოსცემს გაზეთს "საქართველო". საზოგადოების წევრები ეხმარებიან საბერძნეთში მყოფ ქართველებს საბუთების მოწესრიგებაში. საზოგადოება "საქართველო" ოფიციალურად არის დარეგისტრირებული საბერძნეთის სპორტისა და კულტურის სამინისტროში და სხვადასხვა ფედერაციებში. სპორტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სათვისტომო კარიერის მოწყობაში ეხმარება. ორგანიზაცია, ყოველწლიურად, აღნიშნავს საქართველოს და საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეებს, რომლებსაც ყოველთვის ესწრება საბერძნეთის პოლიტიკური ელიტა. საზოგადოების საპატიო პრეზიდენტია სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი. თესალონიკის ქართული საზოგადოება "საქართველო" - ს თავმჯდომარეა ბატონი ელგუჯა მინაძე. ორგანიზაციის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს 150-ზე მეტი ქართული დიასპორის წარმომადგენელი.

ქალთა ორგანიზაცია "საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირი"
Γυναικεία οργάνωση «Ένωση Γεωργιανών Γυναικών της Ελλάδος»

ქალთა ორგანიზაცია "საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირი" 2006 წლის ზაფხულში შეიქმნა. ორგანიზაციის წესდება ნუნუ ღურჭუმალიძისა და მაყვალა მესხაძის მიერ დაიწერა და საბერძნეთის ტერიტორიაზე ოფიციალური ტიტულის მისანიჭებლად 30 ემიგრანტი ქალის თხოვნა-განცხადებასთან ერთად გადაეცა სასამართლოს, რომელმაც 2006 წლის სექტემბერში ოფიციალურად ცნო აღნიშნული ორგანიზაცია, ამავე წლის ნოემბერში გატარდა არქივში.

ორგანიზაციის სიმბოლოა ნარიყალაზე მდგარი ქართლის დედა. 2007 წლის 15 აპრილს ორგანიზაცია აკურთხა მამა თეიმურაზ კალანდაძემ, ათენის წმინდა პანთელეიმონის ეკლესიის მოძღვარმა. 2007 წლის ივნისში ქალთა ორგანიზაციის მიერ მომზადდა საქველმოქმედო კონცერტი, შემოსული თანხით ორგანიზაციამ ქართულ საკვირაო სკოლას ბანკში ანგარიში გაუხსნა.

ქალთა ორგანიზაცია უმუშევარ ქართველ ქალებს დასაქმებაში ეხმარება. დაარსების დღიდან პერიოდულად უშვებს ალმანახს "ემიგრანტი ქალი", რომელიც ასახავს ქართველი ემიგრანტი ქალების ცხოვრებას საბერძნეთში. ასევე, გამოუშვა ქართული კულტურული ცხოვრების ამსახველი ფოტოალბომი. ორგანიზაცია დახმარებას უწევს საავადმყოფოებში უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ ქართველებს და ხელს უწყობს მათ სამშობლოში დაბრუნებაში. ორგანიზაციამ ქართულ-ბერძნულად დაბეჭდა და გაავრცელა მოწოდება - მიმართვა "მოსეს აღთქმული ქვეყანა ჩვენთვის საქართველოა", ატარებს ქართული პოეზიის საღამოებს. ორგანიზაციის ხელშეწყობით ქ.ათენში გაიხსნა ქართული ბაღი "ანი-ბანი". კავშირი იწვევს ქართველ მომღერლებსა და ხელოვნებს და ქართველი ემიგრანტებისათვის ხელოვნების საღამოებს ატარებს. ორგანიზაციამ ჩაატარა საქველმოქმედო საღამო "ქართული გაზაფხული ათენში", შემოსული თანხა გადაეცა ათენში ქართული ცეკვისა და სიმღერის შემსრულებლებს.

მხარდაჭერა

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბერძნეთის ქართული დიასპორა თავის სამშობლოს აქტიურად უჭერდა მხარს.
10 აგვისტოდან ქ.ათენში სინდაღმას მოედანზე ქართული დიასპორა ყოველდღიურად იკრიბებოდა რათა გაეპროტესტებინა რუსეთის აგრესიული ქმედებები. 15 აგვისტოს წმინდა პანტელეიმონის ტაძარში მამა თეიმურაზის წირვა-ლოცვას დაახლოებით 2000 ქართველი დაესწრო.

აღსანიშნავია 2008 წლის 16 აგვისტოსა და 1 სექტემბერს ("ცოცხალი ჯაჭვი")  ქ.ათენსა და ქ. თესალონიკში გამართული საყოველთაო აქციები. საბერძნეთში მცხოვრები ქართველები რუსეთის აგრესიის მიმართ პროტესტს ხელიხელჩაკიდებულნი გამოხატავდნენ. "საქართველო ჩვენია" - ამ ლოზუნგმა ასეულობით ადამიანი გააერთიანა.ცოცხალი ჯაჭვი, ათენი

ქ. თესალონიკში არსებული სათვისტომო "ახალი საქართველოს" ინიციატივით შეიქმნა კომისია საქართველოში იძულებით გადაადგილებულ დევნილთა დასახმარებლად. რომელმაც შეაგროვა და გააგზავნა პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტი ომში დაზარალებულ თანამემამულეებისათვის ქ. რუსთავსა და ქ. გორში.

ქართულმა კულტურის ცენტრმა "კავკასიამ" ბატონ ავთანდილ მიქაბერიძის ხელმძღვანელობით საქართველოში ომის მიერ დაზარალებულ მოსახლეობას თითქმის 1 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეუგროვა და გაუგზავნა.

ქალთა ორგანიზაცია "საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირი" ომის დროს აქტიურად მონაწილეობდა ათენში გამართულ ომის საწინააღმდეგო მანიფესტაციებში. ამ პერიოდში პრეზიდენტის მხარდასაჭერად მომზადდა ჟურნალ "ემიგრანტი ქალი"-ს სპეციალური ნომერი.

2008 წლის სექტემბრიდან ქალთა ორგანიზაციამ დევიზით "მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა" ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყო. ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

26 ოქტომბერს ქ. ათენში ქართული დიასპორის ორგანიზებით პოპულარული ქართული ანსამბლის "შინ"-ის საქველმოქმედო კონცერტი  ჩატარდა. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა საქართველოში ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. ქ. სალონიკში საქველმოქმედო საღამოს "საქართველო ჩვენია" იყვნენ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლები "ახალი ძალა", "არგო", "ფესვები" და "პირუეტა." აგრეთვე, ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. 

საინფორმაციო რესურსები

ელადასაბერძნეთში გამოდის ქართული დიასპორის გაზეთი "ელადა", რომლის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელია ანა ყურშავიშვილი. გაზეთი ქართულ ენაზე გამოდის, ნაწილი უკვე ბერძნულადაც იბეჭდება და ვრცელდება. გარდა გაზეთისა, ათენში გამოდის ქართული ახალგაზრდული ჟურნალი , "თაობა"  

ქ-ნ ანა ყურშავიშვილს 76 წიგნი აქვს გამოცემული, რომელთა შორისაა საბერძნეთში მცხოვრებ პოეტთა კრებულები, აგრეთვე გამოსცა ქართულ-ბერძნული ლექსიკონი. ამჟამად მუშაობს წიგნზე, როგორ ცხოვრობენ ქართველები საბერძნეთში. მას გამომცემლობა არა აქვს, ყოველივე ეს იბეჭდება კომპიუტერის საშუალებით და შემდეგ ფინანსების მოძიებით რომელიმე გამომცემლობაში.

ქ. თესალონიკში გამოიცემა ქართული საზოგადოებრივი ჟურნალი "ივერია".
2004 წლიდან თესალონიკის ქართული საზოგადოება "საქართველო" პატრიოტული ხასიათის გაზეთს "საქართველო" უშვებს.
2006 წლიდან ქალთა ორგანიზაცია "საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირი" პერიოდულად უშვებს ალმანახს "ემიგრანტი ქალი", რომელიც საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ქალების ცხოვრებას ასახავს.


რელიგია


ვინაიდან საბერძნეთი მართმადიდებლური ქვეყანაა, ქართულ დიასპორას სარწმუნოების საკითხში პრობლემა არ ექმნება. ქართველები დადიან ბერძნულ ეკლესიებში. ამას გარდა, ქ.ათენში, ახარნონის ქუჩაზე არის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია. 2004 წლის ზაფხულში, მამა თეიმურაზ კალანდაძეს დართეს ნება (რომელიც იმავე ეკლესიაში მსახურობდა), რომ კვირა დღეს ჯანმრთელობის პარაკლისი ქართულ ენაზე გადაეხადა. მრევლი თანდათან მატულობდა. მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ წირვაც ქართულ ენაზე ჩატარებულიყო. 2006 წლის 3 სექტემბერს ათენის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში ქართულ ენაზე წირვა პირველად აღევლინა. მას შემდეგ ყოველი თვის პირველ კვირას ტარდება წირვა, მომდევნო კვირებზე პარაკლისი, ხოლო თვის ბოლო კვირას მამა თეიმურაზი ასევე ქართულად წირავს ქ. ნავპლიოში, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს.


გამოჩენილი ქართველები


თამთა გოდუაძე - ცნობილი, როგორც თამთა, ქართველი პოპ მომღერალია. იგი საბერძნეთში პოპულარული გახდა „სუპერ აიდოლში" მონაწილეობის (II ადგილი) და სინგლების Φταις (შენი ბრალია) და Δεν τελειώνει έτσι η αγάπη (სიყვარული ასე არ მთავრდება) გამოშვების შემდეგ. თამთა გოდუაძის ოფიციალური საიტია www.tamta.com.gr

კახი კახიაშვილი  - ქართველი, შემდგომში  ბერძენი ძალოსანი. ოლიმპიურ თამაშებში სამჯერ მოიპოვა ოქროს მედალი. პირველი მედალი 1992 წელს ბარსელონაში მოიპოვა. შემდგომში, ატლანტაში 1996 წელს და სიდნეიში 2000 წელს - უკვე როგორც საბერძნეთის მოქალაქემ. მან აგრეთვე მოიგო სამი მსოფლიო ჩემპიონატი (1995, 1998, 1999). ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. თავისი კარიერის პერიოდში კახი კახიაშვილმა შვიდჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი.

ილია ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) - საბერძნეთის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში.

გიორგი შერმადინი  - ქართველი პროფესიონალი კალათბურთელი. ამჟამად საბერძნეთის ყველაზე დიდ საკალათბურთო კლუბში პანათინაიკოსში თამაშობს. გიორგი შერმადინის ოფიციალური საიტია www.shermadini.com