,,გვახსოვდეს 7 აგვისტო'' - მინისტრის მადლობა ქართულ დიასპორას
ორი წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან, ომიდან, რომელმაც გააოგნა მთელი მსოფლიო, როდესაც რუსეთმა მთელი ცივილიზებული სამყაროს დასანახად თავხედურად უგულებელყო საერთაშორისო სამართალი, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებები და ფეხქვეშ გათელა მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტი. მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო,
გუშინ და გუშინწინ საქართველო იხსენებდა და პატივს მიაგებდა თავის გმირებს, ვინც სამშობლოს ერთიანობისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის თავი გაწირეს. ეს ომი არ იყო ჩვენი არჩევანი; ჩვენი ჯარისკაცები ამ ომში საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად წავიდნენ. ბევრი მათგანი ამ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა, მაგრამ ქართველი ერი გადარჩა, მასთან ერთად გადარჩა ის, რაც ამტკიცებს და აძლიერებს ერს- რწმენა თავისუფლებისა და ქვეყნის ერთიანობისა.
პროგრესულად მოაზროვნე საერთაშორისო საზოგადოებრიობა სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ რუსეთთან ჭიდილში საქართველოს დამარცხება სწორედ ცივილიზებული სამყაროს მარცხი იქნება. დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერები აღარ ერიდებიან და ღიად ამბობენ, რომ ეს იყო სუვერენული სახელმწიფოს ოკუპაცია და ეს ტერმინი დაამკვიდრეს კიდეც.
საქართველოს კარგად ახსოვს თქვენი თავდაუზოგავი და აქტიური მოქმედება
რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. თქვენმა ერთსულოვნებამ და ურყევმა პოზიციამ მნიშვნელოვნად განაპირობა რუსული აგრესიის შეჩერება.
არ შეიძლება ვინმეს ემოციის გარეშე ეცქირა თქვენს მასპინძელ ქვეყნებში რუსეთის საელჩოების წინ და ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე თქვენი აქციებისათვის. თქვენ, ქართულმა დიასპორამ, კიდევ ერთხელ შეახსენეთ მსოფლიოს და საერთაშორისო თანამეგობრობას აგვისტოს ომის ტრაგედია, ის ფაქტი, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ინტერვენციიდან 2 წლის შემდეგ კვლავ ოკუპირებული აქვს, მოუწოდეთ საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ აიმაღლონ ხმა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ის, რომ თქვენთან ერთად ამ აქციებში ადგილობრივმა მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა და რომ საქართველოს მსოფლიოში უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი გაუჩნდა, თქვენი დამსახურებაა.
საქართველო იშვიათად ყოფილა ისე ერთიანი, როგორც დღეს. წელსაც, ჩვენმა ერთად დგომამ დაგვანახა, რომ ჩვენ ყველანი მზად ვართ, დავდგეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. მადლობას გიხდით თავდადებისთვის და ქვეყნის ერთგულებისთვის. ის ჯაჭვი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკარით ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა. მწამს, რომ ეს ჯაჭვი არასოსეს გაწყდება. საქართველო გააგრძელებს განვითარებას თქვენთან ერთად და მტრის ბარბაროსულ ქმედებებს აღმშენებლობით და განვითარებით უპასუხებს. ამის დასტურია აყვავებული ანაკლიის სანაპირო, ამის დასტურია განმუხურში თავისუფლების ბულვარის გახსნა, ის ადგილი, საიდანაც საქართველოს ისტორიულად განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ტკივილი - აფხაზეთი ასე ახლოს მოსჩანს.
ქართული დიასპორის არსებობის მანძილზე ახალი ეპოქა დაიწყო, ეპოქა, როდესაც ქართული დიასპორა თავს ქვეყნის განუყოფელ ნაწილად თვლის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოს გააგებინოს სიმართლე, აჩვენოს ქართველი ერის გაუტეხელი სული და თავისუფალი სამშობლოს ხილვის სურვილი.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი პატრიოტიზმისთვის და თავდადებისთვის და გარწმუნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება, თქვენთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართველი გმირების მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
დიასპორის საკითხებში







