''არა, მე მხოლოდ ვიმოგზაურე... საქართველოში!''
31 იანვარს მილანში, ქართულ - იტალიური საზოგადოება „სამშობლო - გულით სატარებლის" ინიციატივით, ნინოობის დღესასწაული უკვე მეხუთედ აღინიშნა... წელს ამ ღონისძიებას სევდიანი ელფერი დაჰკრავდა - საზოგადოების სულისჩამდგმელისა და ყოფილი პრეზიდენტის, ქალბატონი ნინო ყაუხჩიშვილის გარდაცვალების გამო. თუმცა მისი წევრებისა და იტალიის სხვადასხვა ქალაქიდან: ვიჩენცადან, რომიდან, რეჯო-ემილიადან, ვენეციიდან, მანტოვადან, ფლორენციიდან შეკრებილ ქართველთა უდიდეს ძალისხმევას - არ მოეშალათ ქალბატონი ნინოს მიერ საფუძველჩაყრილი ტრადიცია და მიწვეული სტუმრების წინაშე წარმოეჩინათ ქართული კულტურა, ქართული სუფრა, უკვალოდ არ ჩაუვლია. "ძვირფასო თანამემამულენო! პირველ ყოვლისა, ვიზიარებ თითოეული თქვენგანის მწუხარებას საზოგადოების პრეზიდენტის, ქალბატონი ნინო ყაუხჩიშვილის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალება არა მხოლოდ თქვენთვის არის მტკივნეული, არამედ ყველა ქართველისთვის, საქართველომ დაკარგა ერთგული შვილი და ღვაწლმოსილი მამულიშვილი. შეხვედრის წამყვანმა დამსწრეთ აუწყა, რომ შესანიშნავი დოკუმენტური ფილმის ხილვა ელოდათ და მისი ავტორი ამგვარად წარადგინა: „ბატონებო და ქალბატონებო, ნება მიბოძეთ პატარა ლექსი წაგიკითხოთ, რომელიც ჩვენი პროგრამის სატიტულო გვერდზეა დაბეჭდილი, ნება მიბოძეთ, ასევე, გაგიმხილოთ ჩემი იმჟამინდელი განცდა, როცა სრულიად შემთხვევით ინტერნეტში ვიხილე ეს ლექსი და მაშინვე ვთარგმნე, რადგან თავისი უჩვეულო პოეტური ხედვით საოცრად გამახსენა ქრისტოფორო კასტელი, რომელმაც 26 წელი დაჰყო საქართველოში და ასეთი რამ თქვა - საქართველო 26 წლის განმავლობაში ჩემი სატრფო იყოო. აი, ეს ლექსიც:
ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ 31 იანვარს იტალიის ქალაქ მილანში, აღინიშნა "ნინოობის" დღესასწაული. მისი ორგანიზატორი ქართულ-იტალიური საზოგადოება "სამშობლო - გულით სატარებელი" გახლავთ. დღეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის, ქალბატონი ნუნუ გელაძის წერილი მიიღო, სადაც აღწერილია, თუ როგორ ჩატარდა წლევანდელი "ნინოობა" მილანში. ვგონებთ, თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რა მოხდა 31 იანვარს მილანში...
ღონისძიება მილანის ცენტრში მდებარე „სკაუტების სახლში" ჩატარდა. უამრავმა სტუმარმა შენობაში შესვლისთანავე იხილა, ქალბატონი ნინო ყაუხჩიშვილის მიერ საზოგადოებისთვის გაწეული ღვაწლის ამსახველი ფოტოსტენდი სათაურით - „მადლობა ნინი".
შეხვედრა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა ნუნუ გელაძემ გახსნა, მან მადლობა მოახსენა სტუმრებს მობრძანებისთვის, ქართველებისთვის ამ ძალზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მუდამ ერთგულად მონაწილეობისთვის და საგანგებოდ აღნიშნა, რომ ის უდიდესი დანაკლისი, რაც საზოგადოებამ და საერთოდ საქართველომ ქალბატონი ნ. ყაუხჩიშვილის გარდაცვალების გამო განიცადა „სასოწარკვეთის უფლებას არ გვაძლევს, ჭირსა შიგან გამაგრებას გვავალდებულებს და სამშობლოს წინაშე იმ დიდი ვალის აღსრულებას გვაკისრებს, რაც მან ანდერძად დაგვიტოვა - მარად და ყოველთვის გულით ვატაროთ სამშობლო, ყველგან და ყოველთვის გავაჟღეროთ ქართული სიტყვა, ქართული კულტურა, ქართული სულიერება, აკი წერს კიდეც თავის დანაბარებში - "ყველაზე მეტად მსურდა, დასავლეთში გაეცნოთ აღმოსავლელი მართლმადიდებელი წმინდა მამები - სულიერი სიმდიდრისა და რელიგიათაშორისი შეცნობის დაუშრეტელი წყარო."
ყაუხჩიშვილების ოჯახის სახელით დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ქალბატონი ნინოს რძალი, ბერგამოს უნივერსიტეტის პროფესორი ფრანჩესკა მელცი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველას ოჯახის ტკივილის გაზიარებისთვის, თანაგრძნობისა და თანადგომისთვის და ვრცლად ისაუბრა ნ. ყაუხჩიშვილის ღვაწლის შესახებ ევროპაში ქართული კულტურის პროპაგანდის საქმეში. მან სიამოვნებით გაიხსენა შორეული 1958 წელი, როდესაც პირველად მილანში გამართული ქართული ბალეტის ხილვით აღფრთოვანებულმა ნახევრადხუმრობით უთხრა ოჯახის წევრებს: "ახლა ნამდვილად მივხვდი, თუ რატომ შემიყვარდა ქართველი და რატომ დავუკავშირე მას ჩემი ცხოვრება."
„ბატონ ვახტანგ ანდღულაძეს თითქმის ყველა ქართველი იცნობს იტალიაში და არა მხოლოდ იცნობს, უყვარს კიდეც - აღნიშნა ქალბატონმა ნუნუ გელაძემ, - ვინაიდან ვრცელი იტალიის რომელ კუთხეშიც არ უნდა ეგულებოდეს სამშობლოს მოწყვეტილი და განსაცდელში ჩავარდნილი თანამემამულეები, მუდამ მათკენ მიეშურება და დღესაც დაგვდო რა პატივი თავისი სტუმრობით, არაერთი „აქაური" ქართველის პრობლემის მოგვარება მოუხდა". ასე დაახასიათა ქალბატონმა ნუნუმ საქართველოს კონსული იტალიაში ვ. ანდღულაძე, რომელიც თავის მხრივ, საქართველოს საელჩოს სახელით გულითადად მიესალმა დამსწრეთ და თქვა: „... ჩანს, უკვალოდ არ ჩაუვლია ქალბატონი ნინოს ძალისხმევას, ასე მრავლად რომ ვხედავ მის იტალიელ მეგობრებს, იმ ქართველებს, ვისთვისაც ერთნაირად ძვირფასია მისი ხსოვნა და მუდამ გულით სატარებელი სამშობლო. მინდა თანადგომა გამოვუცხადო იტალიურ-ქართულ საზოგადოება „სამშობლო - გულით სატარებელს" და აღვუთქვა, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთკეთილგანწყობა კვლავ გაგრძელდება, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ხელი შევუწყოთ მის კულტურულ საქმიანობას, რაც განაპირობებს ქართველი და იტალიელი ხალხის კიდევ უფრო დაახლოებას, დამეგობრებას, ურთიერთთანამშრომლობას, ამ თანამშრომლობას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩაუყარა საფუძველი ქალბატონმა ნინომ. მინდა, ასევე, გამოვხატო ჩემი გულითადი დამოკიდებულება ყველა იმ იტალიელისადმი, ვინც გულთბილად მიიღო საკუთარ ოჯახებში სამსახურის საძებნად სამშობლოდან გადმოხვეწილი ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც, ცხადია, ბევრი პრობლემა აქვთ და ჩვენი საკონსულო ცდილობს მუდამ მხარში ამოუდგეს მათ გაჭირვების ჟამს, ამასთან დაკავშირებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქ იმყოფებიან ის ქართველი ქალბატონები, რომლებიც არაერთ კრიტიკულ მომენტში, როცა მათ რომელიმე თანამემამულეს უჭირდა, ერთ მუშტად შეიკრნენ და ერთურთს დახმარების ხელი გაუწოდეს.
იმედს გამოვთქვამ, მსგავსი ღონისძიებანი მრავლად გაიმართება არა მხოლოდ საუკუნეთა წიაღში ჩასახული შეუდარებელი იტალიური კულტურის ამ დიდებულ ცენტრში - მილანში, არამედ სხვა ქალაქებშიც, რამეთუ ყოველი ქალაქი იტალიისა არის თავისებური ცენტრი კულტურის, რომლებიც სიამოვნებით უმასპინძლებენ არანაკლებ მნიშვნელოვან და უძველეს ჩვენს ქართულ კულტურას".
ზეიმის მონაწილე ქართველებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა სამშობლოდან მოწვდენილი გულითადი სალამი იმ პიროვნებისა, ვინც ყველაზე მეტად ეგულებათ შემწედ და თანამდგომად, ამიტომაც დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მოისმინეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მირზა (პაპუნა) დავითაიას მისასალმებელი წერილი, რომელიც საზოგადოების წევრმა მაია სიხარულიძემ იტალიურ და ქართულ ენებზე წაიკითხა:
ჩემთვის კარგად არის ცნობილი მილანის ქართული საზოგადოება - "სამშობლო - გულით სატარებლის" უდიდესი წვლილი იტალიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. მწამს, რომ მიუხედავად დიდი დანაკლისისა, თქვენ კვლავ ისეთივე ენერგიითა და სულისკვეთებით გააგრძელებთ მოღვაწეობას, როგორც ეს ამ დრომდე ხდებოდა.
მილანში მცხოვრები ქართველებისთვის, ნინოობის აღნიშვნა ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულს! წმინდა ნინოს მადლი გმფარველობდეთ. იყავით ჯანმრთელნი და წარმატებულნი - ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!"
"ვნახე კანადის უღრანები ხელშეუვლები...
მთები - ელვარე მწვერვალებით, მარადი თოვლით; ვნახე ზვავები და მყინვარები....
ვნახე მბორგავი მდინარეები როგორ უცვლიან ბუნებას იერს...
ვნახე უდაბნო ავღანეთისა და იდუმალი ქვაბულები კაბადოკიის...
ვნახე კოშკები სან-ჯიმინიანოსი, ოღონდ ისინი ამაყად იდგნენ მყინვარების და კლდეების ფერხთით...
ვიხილე მითის სათავეები და დასაბამი ისტორიისა; ჩაის ხასხასა პლანტაციებიც და გიგანტური ევკალიპტები; ზღვაც ვნახე ქუფრი, დასერილი მძლავრი გემებით...
ვნახე საწყისი ქრისტიანობის და დასასრული კომუნიზმისა...
ბედი გქონია, იღბლიანო ადამიანო! მოგივლია მთელი სამყარო!
არა, მე მხოლოდ ვიმოგზაურე... საქართველოში!"
ავტორი ამ ლექსისა გახლავთ კლაუდიო კარდელი - ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი, რეჟისორი, მომღერალი, იტალია-ტიბეტის საზოგადოების პრეზიდენტი და, რაც მთავარია, გულისხმიერი ადამიანი და, აი რატომ: როდესაც ინტერნეტით მოძიებულ ტელეფონის ნომერზე დავურეკე, ქართული საზოგადოების სახელით გაწუხებთ-მეთქი, მკითხა: - რა შემიძლია საქართველოსთვის გავაკეთოო, ვუპასუხე: - თქვენ უკვე ბევრი გააკეთეთ, საქართველოსთვის, ბატონო კლაუდიო, მხოლოდ ეს ლექსიც საკმარისია, თუმცა თქვენ გამოაქვეყნეთ არაერთი შესანიშნავი სტატია ჩვენი ქვეყნის შესახებ, ჩაატარეთ საქართველოსადმი მიძღვნილი საღამო, გადაიღეთ არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმი „ოქროს საწმისის მიწა", რომელიც გასული წლის 20 მარტს იტალიის საზოგადოებრივმა არხმა „რაიტრემ" აჩვენა.
ადვილი წარმოსადგენია, როგორი ოვაციებით მიიღეს ცრემლმორეულმა ქართველებმა და აღფრთოვანებულმა იტალიელებმა კლაუდიო კარდელი, რომელმაც ემოცია ვერ დამალა გულთბილი მიღების გამო, მისი ლექსის ასერიგად წარდგენისთვის (ქართულ და იტალიურ ენებზე) და თქვა, რომ კასტელისაგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი თვე დაჰყო საქართველოში, რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა შეყვარებოდა ეს მართლაც განუმეორებელი ერი, რომ არსად უნახავს მსგავსი სტუმარ-მასპინძლობა, მსგავსი გულუხვობა, უანგარობა და ქალის მართლაც შეუდარებელი სილამაზე. და სწორედ ამ სიყვარულითა და რეალისტის თვალით დანახული ფილმი წარუდგინა მაყურებელს.
ტრადიციულად ნინოობის დღესასწაულზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარსულში ემიგრირებული ქართველების ღვაწლის წარმოჩენას. ამჯერადაც რომიდან საგანგებოდ ჩამოსულმა ქართველმა თეოლოგმა, წარსულში თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფუნდამენტური თეოლოგიის პროფესორმა და ამჟამად რომის პონტიფიკატის გრეგორიანას უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ბატონმა სერგო ფარულავამ წაიკითხა დიდი ქართველის, მიქელ თარხნიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვრცელი და ძალზე საინტერესო მოხსენება.
დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთი საინტერესო პიროვნება გააცნო შეხვედრის წამყვანმა: „ ბატონებო და ქალბატონებო, დამეთანხმებით, ალბათ, როცა სამშობლოსგან მოწყვეტილი ადამიანი შემთხვევით ჟურნალის ფურცლებზე მშობლიური სანახების ფოტოებს იხილავს, სიამოვნების გრძნობა და ავტორისადმი სიმპათია ეუფლება. უკანასკნელად ქალბატონი ნინო რომ მოვინახულე, უკვე მწოლიარე, ეს ჟურნალი გამომიწოდა და თავისი ჯერ ისევ მჭექარე ხმით მითხრა, სასწრაფოდ მოძებნეთ ამ სტატიისა და ფოტოების ავტორი, ნინოობაზე მოიპატიჟეთ, უნდა გავიცნო. ვერ წარმოიდგინეთ, რა გულმოდგინებით შევასრულე მისი დავალება და ვერ წარმოიდგინეთ როგორი მეგობრული უბრალოებით გამომეხმაურა საქვეყნოდ ცნობილი ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, მრავალი ფოტოალბომის ავტორი ანდრეა ბატალინი, რომელმაც იტალიის წამყვანი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე გამოაქვეყნა არაერთი საინტერესო სტატია ულამაზესი ფოტოებითურთ საქართველოს შესახებ". ანდრეა ბატალინიმ საინტერესოდ ისაუბრა საქართველოში მოგზაურობის შესახებ და თითქმის ყველა კუთხის ამსახველი ვრცელი ფოტომასალა წარუდგინა მაყურებელს.
„ყველასათვის ცნობილია, რომ ქართველების ნებისმიერ საზეიმო თავყრილობას სიმღერა ახლავს. დიახ, გვიყვარს ქართველებს სიმღერა, მაგრამ ამჯერად, ძვირფასო სტუმრებო, თქვენთვის იტალიელები იმღერებენ, უფრო ზუსტად კი ვიჩენცელი ქალბატონები, რომელთაც ქართველმა დედა-შვილმა გულიკო ლომთათიძემ და მაია სიხარულიძემ შეაყვარეს ქართული სიმღერა, შეაყვარეს და შეასწავლეს (სხვათა შორის, არცერთმა მათგანმა არ იცის ქართული, მაგრამ უზადოდ ასრულებენ ხალხურ სიმღერებსაც), ქველმოქმედებაც ასწავლეს, ასე რომ, ბევრი საქველმოქმედო კონცერტიც გამართეს და ჩვენ, ქართველებს, მწარე ნოსტალგიის დაძლევაშიც კი გვეხმარებიან",- ასე წარუდგინა ნუნუ გელაძემ სტუმრებს უკვე ყველასათვის საყვარელი ქალთა ჯგუფი „სინტონია - თბილისი", რომელმაც ჩვეული შემართებით შეასრულა „ჩაკრულო," თბილისო," „შენ ხარ ვენახი" თუ „იავნანა" და კიდევ მრავალი ხალხური თუ თანამედროვე სიმღერა და როგორც ყოველთვის, მთელი დარბაზი აიყოლია, მოცეკვავეებმაც არ დააყოვნეს და მშვენიერი სანახაობით აღფრთოვანებულ სტუმრებს დასასრულს ქართული გულუხვი სუფრითაც გაუმასპინძლდნენ.







