ჩხენკელი კიტა (პეტრე) ივანეს ძე

კიტა ჩხენკელიჩხენკელი კიტა (პეტრე) ივანეს ძე, ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო მოღვაწე, აკაკი ჩხენკელის უმცროსი ძმა. დაიბადა 1895 წლის 8 ნოემბერს, ქუთაისში - გარდაიცვალა 1963 წლის 22 ოქტომბერს, ციურიხში.

1912 წელ დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1913-17 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტში სამართალს და მსოფლიო ლიტერატურას სწავლობდა. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა. აკაკი ჩხენკელის ხელშეწყობით სახელმწიფო სტიპენდია მიიღო და 1920 წელს გაემგზავრა გერმანიაში. სწავლობდა ჰალესა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში.

1936 წელს მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი. ამავე წლიდან ჰამბურგის უნივერსიტეტში ასწავლიდა, ხოლო ომის შემდეგ, 1946 წლიდან, ციურიხში ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს. 1961 წელს მიიღო ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის („Honoris Cauza") წოდება.

ციურიხში არსებობდა მის მიერ დაარსებული ქართული კულტურის მძლავრი კერა, სამეცნი ერო ცენტრი, მისი მოწაფეების, იოლანტა მარშევის, რუუთ ნოიკმანისა და ლეა ფლუირს შემადგენლობით. ციურიხშივე ფუნქციონირებდა გამომცემლობა „ამირანი".

კიტა ჩხენკელმა 1957 წელს რუუთ ნოიკმანთან ერთად გამოსცა „ვისრამიანის" გერმანული თარგმანი. 1958 წელს გერმანულ ენაზე გამოვიდა მისი ორტომეული - „ქართული ენის შესავალი", (თეორიული ნაწილი, ქრესტომათია და სავარჯიშოები);

1960 წლიდან კიტა ჩხენკელმა დაიწყო დიდი ქართულ-გერმანული ლექსიკონის (deutsch-georgische Wörterbücher) შედგენა და გამოცემა. ავტორის სიცოცხლეში (1963 წლამდე) გამოვიდა 6 ნაკვეთი.  კიტას სიკვდილის შემდეგ ლექსიკონის გამოცემა გააგრძელა მისმა მოწაფემ- იოლანდა მარშევმა. ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო ვიქტორ ნოზაძემაც. ამ ერთერთი საუკეთესო ლექსიკონის გამოცემა 1974 წელს დასრულდა. ამავე წელს გამოიცა კიტა ჩხენკელისა და რუთ ნოიკმანის მიერ გერმანულად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი".

კიტა ჩხენკელი 1963 წლის 22 ოქტომბერს ციურიხში პნევმონიით გარდაიცვალა. დაკრძალეს იქვე. დღეისათვის საფლავი დაკარგულია.

 ლიტერატურა:

გ.შარაძე: უცხოეთის ცის ქვეშ,გვ.421-432;

მ. კვატაია, ამაგდარ ქართველოლოგთა არქივებიდან, ალმანახი „მწიგნობარი" , თბილისი, 2008. - გვ.125-148;

ვ.იმნაიშვილი, კიტა ჩხენკელი, შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიატთა შრომები, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი; რუსთაველის ფონდი. - თბილისი, 2009. - ტ. II. - გვ.4-26.

ქ.ს.ე. ტ 11, გვ.175;

 რესურსი ინტერნეტში:

http://www.ptpress.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1417:2011-01-19-09-24-57&catid=3:0103sazogadoeba&Itemid=3