ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ქართულ დიასპორას ახალ წელს.
ქალბატონი თამარ გულბანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მთავარი რედაქტორია, სწორედ მისი და მისი თანამშრომლების ძალისხმევით შეიქმნა უნივერსიტეტის გამომცემლობის ვებგვერდზე „საბავშვო უნივერსიტეტი“. აქ ქართველი ბავშვები ნახავენ ბევრ საინტერესო ზღაპარს, ანიმაციურ შემეცნებით და გასართობ თამაშებს. „საბავშვო უნივერსიტეტი“ თითქმის სამი წელია არსებობს და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. ვფიქრობთ ეს ვებგვერდი საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსაც დააინტერესებთ http://www.press.tsu.ge/GEO/sabavshvo/indexsabavshvo.html . ესტუმრეთ ამ ელექტრონულ მისამართს და გარწმუნებთ, მართლაც რომ ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდებით. ჩვენ კი გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ თამარ გულბანთან, რომელიც უფრო დაწვრილებით გვიამბობს თავისი საქმიანობის შესახებ.
- თამარ, როგორ გაჩნდა „საბავშვო უნივერსიტეტის“ შექმნის იდეა.
- ეს იდეა მე და ჩვენი გამომცემლობის დირექტორს, თამარ ებრალიძეს გამომცემლობაში მუშაობის დაწყებამდე გაგვიჩნდა. ხშირად ვათვალიერებდით უცხოურ საბავშვო და საყმაწვილო ინტერნეტგვერდებს და ყველა ჯერზე გული გვწყდებოდა, რომ ქართველი ბავშვები მოკლებულნი იყვნენ ამგვარ შემეცნებით-გასართობ საშუალებებს. მაგრამ, მოგეხსენებათ, ვინც ეძიებს, ის ჰპოვებს კიდეც. იმ პერიოდში უნივერსიტეტის გამომცემლოვაში მიგვიწვიეს და სწორედ აქ მოგვეცა საშუალება ჩვენი ოცნების განხორციელებისა.
- კი მაგრამ, უნივერსიტეტის გამომცემლობა ხომ ძირით დად სამეცნიერო წიგნების დასტამბვას ითვალისწინებს. იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ, რატომ დასახა თქვენმა გამომცემლობამ საბავშო ელექტრონული გამოცემების შექმნა თავისი მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტად?
- უპირველესად გეტყვით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია და ყოველთვის მზად არის გაიზიაროს ყველა ის მნიშვნელოვანი და ღირებული მიღწევა რაც თანამედროვე დასავლური სწავლების პროცესს თან ახლავს. მით უმეტეს, როდესაც საქმე მოზარდების განათლების საკითხს ეხება. საბავშვო გვერდი კი, ჩვენი აზრით, მცდელობაა მოვიზიდოთ მოზარდები და თამაშით, გართობით აღვძრათ მათში ინტერესი ლიტერატურის, მეცნიერების, მუსიკისა და ზოგადად ხელოვნების მიმართ. გარდა ამისა ჩვენი სურვილია, რომ ქართველი ბავშვები პატარაობიდანვე ასოცირდებოდნენ ქართულ უნივერსიტეტთან, ისინი ხომ ჩვენი მომავალი სტუდენტები და მეცნიერები არიან.
- თამარ, თქვენი გამომცემლობის მიერ შექმნილი სასწავლო ანიმაციური პროექტები, თამაშები, საოცრად მრავალფეროვანია. რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტებზე.
- გაგიკვირდებათ და მხოლოდ ორი სამი ადამიანი. ასეთი პროექტების განხორციელებას უცხოეთში უზარმაზარი სტაფი სჭირდება. მოგეხსენებათ ამის საშუალება ჩვენს გამომცემლობას არა აქვს. ამიტომ ხშირად რამდენიმე საქმის შეთავსება ერთსა და იმავე ადამიანს უხდება. ისე, ვცდილობთ, რომ წელიწადში რამდენიმე პროექტი მაინც განვახორციელოთ. რაც შეეხება ანიმაციურ პროექტებს, ჩვენ არ ვქმნით ანიმაციას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და არც გვაქვს ამის პრეტენზია, ანიმაცია ჩვენთვის მხოლოდ საშუალებაა რომ სწავლება უფრო სახალისო გახდეს.
- თქვენს ინტერვიუ ქართული დიასპორა წაიკითხავს და ახლა უკვე მასაც ექნება საშუალება, ეწვიოს ხოლმე „საბავშვო უნოვერსიტეტს.” შობა-ახალიწელი დგება. როგორ მიულოცავდით უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
- ყველა ჩვენს თანამემამულეს ვუსურვებდი ჯანმრთელობას, წარმატებებსა და რაც მთავარია, სამშობლოში დაბრუნებას. შარშან ქართველი ბავშვებისთვის ვაჟა ფშაველას „საშობაო ზღაპარი“ შევქმენით
ახლა ამ ზღაპარის ნახვას ქართულ დიასპორასაც ვთავაზობთ, რადგან ეს, ჩემი აზრით, მათ მეტად სჭირდებათ.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მადლობას უხდის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იმ დიდი თანადგომისთვის, რომელსაც მეცნიერებისა და განათლების ეს უდიდესი კერა არასდროს იშურებს ქართული დიასპორისთვის.