
თოვლის პაპა და სანტა კლაუსი
ლეგენდის მიხედვით, სანტა-კლაუსის პროტოტიპი
იზმირელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი ყოფილა. იგი თურმე ძალიან მდიდარი და, რაც მთავარია,
ხელგაშლილი იყო. ძალიან უყვარდა ბავშვები. ხშირად ასაჩუქრებდა ღარიბ ბავშვებს.
ეპისკოპოსი ნიკოლოზი ბავშვებს საჩუქრებს ფანჯრის რაფაზე ულაგებდა. მოგვიანებით
საქრისტიანომ იგი წმინდანად შერაცხა და სამყაროს წმინდა ნიკოლოზი მოევლინა. სწორედ
ამ სიკეთით სავსე წმინდანის სახე არის დასაბამი დღევანდელი სანტა-კლაუსისა.
თავდაპირველად ინგლისში მას “შობის პაპას” ეძახდნენ, მოგვიანებით კი მან ამერიკის
შეერთებულ შტატებშიც შეაღწია და მთელ ევროპა-ამერიკის ტერიტორიაზე ერთი სახელი
დაიმკვიდრა _ სანტა-კლაუსი. ამ კეთილ სანტას თავზე წითელი პომპონიანი ქუდი ახურავს,
წითელი მოსასხამი აცვია, შავი ლაპლაპა ჩექმები და თოვლივით თეთრი წვერი აქვს,
სათვალე უკეთია, ჩიბუხსაც გემრიელად აბოლებს. იგი ახალი წლის წინა ღამეს უზარმაზარ
მარხილში ჯდება, რომელშიც რვა მშვენიერი ირემია შებმული და ბავშვებისკენ მიქრის.
კეთილი სანტა თითოეული ბავშვის სახლთან ჩერდება, ბუხრის მილით ოთახში ჩადის და
საჩუქარს იმ წინდაში დებს, რომელსაც ბავშვები წინასწარ უმზადებენ მას, თანაც პატარა
ეჟვანს აწკრიალებს: მეც მოვბრძანდი და ახალი წელიც დადგაო!
ცნობისმოყვარე ბავშვები გაუთავებლად სვამდნენ შეკითხვებს: სად
ცხოვრობს სანტა-კლაუსი? სად არიან მისი მშვენიერი ირმები? ბოლოს და ბოლოს, სად
მივწეროთო წერილები, ხომ უნდა იცოდეს, რა საჩუქრები გვინდაო?..
და, აი, ფინელმა ჟურნალისტმა მარკუს რაუტიომ, ფინეთის სახელმწიფო რადიოს ეთერით,
მსოფლიოს გაუმხილა საიდუმლო: სანტა-კლაუსი ლაპლანდიაში ცხოვრობს, ყურებიან ბორცვზე.
ყურებიანი ბორცვი ფინეთის აღმოსავლეთით მდებარეობს, აქვს კურდღლის ყურების ფორმა,
მაგრამ სინამდვილეში ეს უბრალო კურდღლის ყურები არ გეგონოთ, ეს სანტას ყურებია,
რომლითაც ისმენს, თუ როგორ იქცევიან ბავშვები მთელი წლის განმავლობაში. აქვე,
ყურებიან ბორცვზე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სანტა წელიწადში ოთხმოცი ათას
წერილს იღებს, _ წერილებში კი ბავშვები ზუსტად აღუწერენ მას, თუ როგორი საჩუქარი
უნდათ.
ახლახან აჟღერდა ამერიკასა და ევროპაში ბავშვების წკრიალა ხმები, აციმციმდა ნაძვის
ხეები, სანტამ დატოვა ლაპლანდია, პატარებისკენ გაეშურა...
უკვე ყველა ბავშვი კეთილ სანტას ელის... იმიტომ, რომ თეთრი ლაპლანდიის ყურებიანი
ბორცვიდან, სადაც კეთილი სანტა-კლაუსი ცხოვრობს, დიდი, საყოველთაო სიკეთე მთელ
მსოფლიოში იღვრება.
სანტა-კლაუსი და თოვლის პაპა, ერთმანეთის მეგობრები არიან.
საინტერესოა, როდის გაჩნდა და როგორი იყო ჩვენი ქართული თოვლის პაპა?
ჩვენი თოვლის პაპა ძალინ ჰგავს სანტა-კლაუსს, თუმცა მაინც განსაკუთრებულია, თუნდაც
იმიტომ, რომ ჩვენია.
თოვლის პაპა საქართველოში გვიან გამოჩნდა, მაგრამ საფუძვლიანად დამკვიდრდა. ყოველ
შემთხვევაში, თითქმის არც ერთ ეთნოგრაფიულ წყაროში იგი არ არის მოხსენიებული.
ჩვენთან მეკვლეები ულოცავდნენ ოჯახს ახალ წელს. როდესაც ახალი წელი დგებოდა და
ბავშვები ჩიჩილაკს, ნაძვის ხეებს რთავდნენ, მაშინ ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი
განსაკუთრებულად გამოეწყობოდა, გარეთ გავიდოდა და ახალი წლის დადგომისთანავე
ტკბილეულით ხელში შემოაბიჯებდა საკუთარ სახლში, რაც იმას ნიშნავდა, რომ სიტკბოება
არ უნდა მოკლებოდა მის ქართულ ოჯახს. აი, ასეთი იყო ჩვენი მეკვლე.
მალე მეკვლეს პირველობა შესუსტდა და გამოჩნდა საყვარელი თოვლის
პაპა. იმთავითვე კეთილი, მხიარული, წვერებიანი და, რაღა თქმა უნდა, ხურჯინით ხელში.
სად ცხოვრობს ჩვენი თოვლის პაპა? იგი სვანეთის მაღალ კოშკში
დასახლდა და ყველა ბავშვისგან ელის წერილს. მართალია, ყურებიანი ბორცვი
საქართველოში არ არსებობს, მაგრამ თოვლის პაპა მაინც ახერხებს თვალ-ყური ადევნოს,
თუ როგორი იქცევიან პატარები მთელი წლის განმავლობაში.
ახლახან აჟღერდა საქართველოში ბავშვების წკრიალა ხმები, აციმციმდა ნაძვის ხეები,
თოვლის პაპამაც დატოვა კოშკი და პატარებისკენ გამოეშურა... საქართველოშიც ყველა
ბავშვი უკვე ელის კეთილ თოვლის პაპას, იმიტომ, რომ იციან, იმ სვანური კოშკიდან,
სადაც თოვლის პაპა ცხოვრობს დიდი, საყოველთაო სიკეთე მთელ მსოფლიოში იღვრება.
ჩვენო პატარა თანამემამულეებო, თქვენ შეგიძლიათ თოვლის პაპასაც მოსთხოვოთ საჩუქრები
და სანტა-კლაუსსაც!
ჩვენ კი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალწელიწადს, ღმერთმა ბარაქა და მადლი არ მოგაკლოთ,
კარგად ისწავლეთ, რათა თქვენი სამშობლო გაახაროთ!
და საჩუქრებს თოვლის პაპაც მოგიტანთ და სანტა-კლაუსიც!
“გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ.”